გასული უიკენდი საკმაოდ გადატვირთული იყო. ბევრი რამ მოხდა, შეიძლება ბევრი რამ გამოგრჩათ და ამ სტატიის მიღმაც კარგად უნდა გადახედოთ ევროპოპს. ორშაბათის საკითხავი ამჯერად ისეთი ამბით უნდა დავიწყოთ, ქართულ სპორტს რომ არ ეხება, მაგრამ მაინც პირველ რიგშია სათქმელი, რადგან ასეთები არათუ ყოველ შაბათ-კვირას, ან ყოველ თვეში და თუნდაც ყოველ წელიწადში, არამედ ათწლეულებშიც უმეტესად არ ხდება ხოლმე...
ფეხბურთი | ეს 7:0 ისტორიას დარჩება
მთელი სეზონია, ლივერპული იტანჯება და იტანჯებიან მერსისაიდული გრანდის გულშემატკივრებიც. იტანჯება ლივერპულის გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპიც. ახლა კი ამ თვეების სევდა ერთი თამაშით ისე განიქარვეს, აღარც კი გაახსენდებათ ის ყველაფერი, რაც წინა თვეებში იყო: ლივერპულმა უმთავრესი მეტოქე, "მოსისხლე მტრად" აღიარებული მანჩესტერ იუნაიტედი არც მეტი, არც ნაკლები, 7:0 გაანადგურა. "ეს ფეხბურთია, ეს შეიძლება მოხდეს. - თქვა მატჩის შემდეგ კლოპმა, - ეს იყო ბიძგი, რომელიც გვჭირდებოდა, ის სწორ გზაზე გვაყენებს. დღევანდელი საღამო იმის ნათელი დასტურია, თუ ვინ შეგვიძლია ვიყოთ და რა უნდა გავაკეთოთ ამიერიდან."
📋 | ეპიკური მატჩის გამოხმაურება და მიმოხილვა ნახეთ აქ.
კვარა | სპალეტიმ ხვიჩა დაიცვა
პარასკევს, ნაპოლიმ ლაციოსთან 0:1 წააგო. ამ მარცხით ბევრი არაფერი შეცვლილა - ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მაინც ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს. მატჩის ერთადერთი გოლი მატიას ვესინომ გაიტანა, რომელმაც კარში საჯარიმოს გარედან მას შემდეგ დაარტყა, რაც ხვიჩა კვარაცხელიას თავით მოგერიებული ბურთი მიუვიდა, მაგრამ კვარას გაკრიტიკება იტალიაში აზრადაც არავის მოსვლია, მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კი პირიქით, ხვიჩა შეაქო: "კვარამ კარგად ითამაშა. რაკი ბურთი იმ ზონაში იყო, უკან დაიწია, რადგან თანაგუნდელების დახმარება სურდა. შემდეგ ვესინომ დაარტყა და ის ერთადერთი ნაპრალი იპოვა, სადაც შეიძლებოდა გოლი გასულიყო, ერთადერთი სანტიმეტრი, რომლის პოვნა მხოლოდ მისნაირ ძლიერ ფეხბურთელებს შეუძლიათ."
📋 | სპალეტის კომენტარი და მატჩის მიმოხილვა ნახეთ აქ.
კალათბურთი | მამუკელაშვილი სან ანტონიოში
სანდრო მამუკელაშვილი გასულ უიკენდზე სან ანტონიო სპურსის კალათბურთელი გახდა. მას სტანდარტული კონტრაქტი გაუფორმეს! კონტრაქტის სხვა დეტალები არ გახმაურებულა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მამუკელაშვილს NBA-ს კლუბთან სტანდარტული კონტრაქტი აკავშირებს. აქამდე მას მხოლოდ ე.წ. ორმხრივი კონტრაქტი ჰქონდა (მილუოკისთან). მამუმ ორი მატჩის ჩატარებაც მოასწრო და მის შესახებ თავისებური კომენტარი ჰქონდა ლეგენდარულ მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩს.
📋 | ყველა სიახლე მამუკელაშვილზე ნახეთ აქ.
ძიუდო | ლიპარტელიანის ოქრო ტაშკენტიდან
ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა უზბეკეთის დედაქალაქში შესანიშნავად იასპარეზა და ყველა მეტოქეს აჯობა. ლიპარტელიანმა ფინალში ავსტრიელი აარონ ფარა იპონით დაამარცხა.
📋 | ლიპარტელიანის ფინალი ნახეთ აქ.

UFC | მეფემ გვირგვინი დაიბრუნა
MMA-ს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ჯონ ჯონსი (27 მოგება, 1 მარცხი) ოქტაგონზე 3-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, UFC-ის მძიმე წონის ქამარზე სირილ განს (11-2) დაუპირისპირდა და მეტოქე პირველივე რაუნდში, ბრძოლის დაწყებიდან 2 წუთსა და 4 წამში დააფინიშა.
📋 | ბრძოლა და მისი გამოხმაურება ნახეთ აქ.
კომენტარები