- მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ინდიან ველსში გამოსვლაზე უარი განაცხადა
- 35 წლის სერბს აუცრელობის გამო აშშ-ის ვიზის მიღებაზე პრობლემა შეექმნა
- ‘ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ვერ ვიქნები’ - ნადალი მასტერსებზე გამოირიცხა
დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიან ველსის მასტერსზე არ ითამაშებს. ამის შესახებ ოფიციალურად ტურნირის პრესსამსახურმა გამოაცხადა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს ტურნირის ძირითად ბადეში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი შეცვლის.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ 35 წლის სერბმა ჩოგბურთელმა, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ აქვს გაკეთებული, აშშ-ის ხელისუფლებისგან ქვეყანაში შესვლის უფლება ვერ მიიღო. არადა, ნოვაკს მარტში ამერიკაში დაგეგმილ ორ ტურნირში სურდა მონაწილეობა - ინდიან ველსის შემდეგ, თამაშს მაიამიშიც აპირებდა.
რაც შეეხება ვიზის საკითხის, აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყანაში იმ უცხოელების შესვლაზე აკრძალვა, რომლებსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვთ, 11 მაისამდე გაახანგრძლივა.

რესპუბლიკური პარტიის სენატორებმა ფლორიდიდან რიკ სკოტმა და მარკო რუბიომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდეს კიდეც, რომ ჯოკოვიჩისთვის ტურნირებში მონაწილეობის საშუალება მიეცათ. ნოვაკს მხარდასაჭერა რამდენიმე ჩოგბურთელმაც გამოუცხადა, მათ შორის ამერიკელებმა: ჯონ ისნერმა და რაილი ოპელკამ, რომლემბაც აშშ-ის ხელისუფლება გააკრიტიკეს.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს, აუცრელობის გამო, 2022 წელს აშშ-ის ღია პირველობის, ასევე ამერიკისა და კანადის ტერიტორიებზე გამართული ტურნირების გამოტოვება მოუხდა. ამავე მიზეზით, სერბი დაადეპორტეს ავსტრალიიდან, სადაც დიდი სლემის ტურნირზე გამოსვლას გეგმავდა.
ინდიან ველსის მასტერსი, რომლის საპრიზო ფონდი 8,8 მილიონ აშშ დოლარია, 8-19 მარტს ჩატარდება. ტურნირის ძირითადი ბადის წილისყრა მოგვიანებით გაიმართება.
ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც ამჟამად ATP-ის რეიტინგში 118-ე ადგილს იკავებს, ინდიან ველსის მასტერსზე საუკეთესო შედეგი 2021 წელს ჰქონდა, როდესაც ფინალში გასვლა შეძლო, იქ კი ბრიტანელ კამერონ ნორისთან წააგო - 6:3, 4:6, 1:6.
კომენტარები