Thumbnail
  • მეცის ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო ტურში დუბლი და საგოლე პასი მიითვალა
  • 22 წლის ფეხბურთელის შედეგიანობას კლუბის ფანსაიტი საინტერესოდ გამოეხმაურა

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის ბოლო ტურში მეცს სტუმრად ანესისთან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოაპოვებინა. სტუმრებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და 22 წლის ქართველ თავდამსხმელს წვლილი სამივეში მიუძღვის - პირველი და ბოლო თავად შეაგდო, მეორეში კი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

გიორგი მიქაუტაძემ, რომლისთვისაც ეს პირველი დუბლია 2023 წელს, თავისი თამაში შეაფასა: 

"ეს მიმდინარე სეზონში ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. გუნდის სამსახურში ვდგავარ, ვზრუნავ დაცვითი ფუნქციების შესრულებაზეც და ვმონაწილეობ ბურთის ართმევაში. ახლა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მოგვიწევს მაგარი მატჩის ჩატარება ლე ავრთან". 

გიორგის შედეგიან თამაშს საინტერესოდ გამოეხმაურა მეცის გულშემატკივართა საიტი

"ეჭვგარეშეა, გიორგი მიქაუტაძე, დუბლთა და საგოლე პასით, მატჩის საუკეთესო მოთამაშეა. საქართველოს ნაკრების ტექნიკური და მაღალი კლასის თავდამსხმელის მეორე გოლი, როდესაც სამ მცველს გაექცა და მეკარესაც აჯობა, მატჩის მშვენება გახდა. მიქაუტაძე 14 გოლით (პლუს 6 საგოლე პასი) ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია და უკან იტოვებს ჟან-ფილიპე კრასოს (13 გოლი). ჩემპიონატშიყ ასეთი ბრწინვალე თამაშის ჩვენების შემდეგ, ძნელი წარმოსადგენია ქართველის მომავალი მოზელის ნაპირებზე… დღეს კი შეგვიძლია ვისიამოვნოთ - გაუმარჯოს მეფე გიორგის!".

საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებული 26 მატჩის შემდეგ, მეცს 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან ბორდოს 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრის ჩატარება მიქაუტაძის გუნდს 13 მარტს, შინ ჩემპიონატის ლიდერ ლე ავრთან უწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები