- ხვიჩა კვარაცხელიამ WhoScored-ის რეიტინგში სერია A-ში პირველობა დაიბრუნა
- TOP 5 ლიგების ათეულში მცირე ცვლილებებია, ლიონელ მესი შეუდარებელია
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ბოლო ტურში სერია A-ში 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, ლაციოსთან 0:1 დათმო. 22 წლის ქართველ გარემარბს ზედიზედ 6 შედეგიანი მატჩის (გოლი ან საგოლე პასი) შემდეგ, ზედიზედ მეორე "მშრალი" შეხვედრა ჰქონდა, თუმცა ხვიჩას არც ლაციოსთან უთამაშია ურიგოდ.
WhoScored-ის მიხედვით, კვარას კარისკენ 2 დარტყმა, 3 მნიშვნელოვანი პასი და 4 დრიბლინგი ჰქონდა. ამ ორი უკანასკნელი მაჩვენებლით ნაპოლის რიგებში ის საუკეთესო იყო. საერთო ჯამში, 6.79 შეფასება მიიღო (მე-4 შედეგი გუნდში ჟიელინსკის, კიმის და ოლივერას შემდეგ).

ბოლო ტურამდე სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგში ვიკტორ ოსიმენი ლიდერობდა, ხვიჩა მას სულ რაღაც მეასედი ქულით ჩამორჩებოდა. ამ ტურით კი ქართველმა ფეხბურთელმა ლიდერობა დაიბრუნა, რადგან ნიგერიელს ლაციოსთან მასზე დაბალი შეფასება ჰქონდა - 6.34.
მაშ ასე, ახალ ცხრილში ხვიჩა ისევ პირველია, მისი საშუალო შეფასება 7.55 ქულაა. ეს 4 მეასედი ქულით ნაკლებია წინა კვირის შედეგზე, თუმცა ამით მისი კონკურენტებიდან ვერავინ ისარგებლა.
სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]
1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.55 (-0.04)
2. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.54 (-0.06)
3. პაულო დიბალა (რომა) – 7.31 (-0.04)
4. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.31 (-0.01)
5. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.25 (+0.01)
ტოპ-5-ეულში მხოლოდ ლაუტარო მარტინესს აქვს წინსვლა (ისიც მეასედი ქულით), ინტერის მსოფლიოს ჩემპიონი ფორვარდი ხუთეულში დაბრუნდა, საიდანაც თანამემამულე ლუკას მარტინესი (7.21) გააგდო. შემდეგ ნაპოლის ორი ფეხბურთელი მოდის: მარიო რუი (7.16) და კიმ მინ-ჟაე (7.13).

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია 9 საგოლე პასით იტალიის ჩემპიონატში კვლავ პირველ ადგილზეა, მას ერთი ასისტით ჩამორჩება სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო); 10 გოლით კი ქართველი ფეხბურთელი ბომბარდირთა დავაში მეხუთეა. გოლი+პასი სისტემით კვარაცხელია (19) მხოლოდ ოსიმენს (22) ჩამორჩება, შემდეგ მოდის ლაუტარო (17).
მესი კიდევ უფრო მიუწვდომელია
ლიონელ მესი ფანტასტიკურ ფორმაშია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ისედაც დიდი უპირატესობით ლიდერობს TOP 5 ლიგების ფეხბურთელთა რეიტინგს, მაგრამ მაინც ახერხებს და ზრდის საშუალო შეფასებას. ნანტთან 4:2 მოგებულ შეხვედრაში ლეოს 9.61 შეფასება ჰქონდა! მას ბევრით არც კილიან მბაპე ჩამორჩა - 8.92. მესი და მბაპე პირველ და მეორე ადგილზე არიან, იქვეა ნეიმარიც, რომელიც ახლა ტრავმირებულია.

ხვიჩა კვარაცხელიამ ათეულში ადგილი შეინარჩუნა. ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, ოსიმენი გავარდა და მის ნაცვლად ლევანდოვსკი გადავიდა მე-9 ადგილზე. რობერტს ტრავმის გამო არ უთამაშია და მას ქულები არც დაკლებია და არც მომატებია. მოკლედ, მთავარი სიახლე ის არის, რომ მესიმ და მბაპემ თავიანთი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.
TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]
1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.51 (+0.05)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.79 (+0.05)
3. მარტინ ტერიე (რენი) – 7.71 (0)
4. ნეიმარი (პსჟ) – 7.71 (0)
5. გაბრიელ ჟეზუში (არსენალი) – 7.61 (0)
6. კირან ტრიპიერი (ნიუკასლი) – 7.61 (-0.04)
7. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.57 (-0.03)
8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 7.56 (-0.03)
9. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.55 (0)
10. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.55 (-0.04)
მე-11 პოზიციაზე სწორედ ხვიჩას გუნდელი ნიგერიელი ფორვარდია, მე-12 კი ჯამალ მუსიალაა (ბაიერნი. 7.50), შემდეგ კიდევ ორი ტალანტი მოდის: ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი. 7.49) და ბაკაიო საკა (არსენალი. 7.45). საკას დარი ქულები აქვთ ანტუან გრიზმანს (ატლეტიკო) და და ჰარი კეინს (ტოტენჰემი). ეს ფეხბურთელები აცხადებენ პრეტენზიას ათეულში მოსახვედრად.
TOP 5 ლიგების საუკეთესო ტანდემები
ლიონელ მესი ➡ კილიან მბაპე (პსჟ) – 8
ხვიჩა კვარაცხელია ➡ ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 6
კევინ დე ბრუინი ➡ ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 6
ბრუნო ფერნანდეში ➡ მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 5
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ➡ ჩირო იმობილე (ლაციო) – 5
ალასან პლეა ➡ მარკუს ტურამი (გლადბახი) – 5.
კომენტარები