Thumbnail

კრისტოფ დიუგარი: პსჟ-ისთვის კარგია, რომ ნეიმარმა ტრავმა მიიღო

  • საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელმა პარი სენ-ჟერმენზე ისაუბრა
  • 50 წლის დიუგარის აზრით, ნეიმარის არყოფნა გალტიეს საქმეს გაუიოლებს
  • პარი სენ-ჟერმენს მიუნხენში ბაიერნთან რთული მატჩი ელის

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კრისტოფ დიუგარი მიიჩნევს, რომ პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელის, ნეიმარის ტრავმა გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, კრისტოფ გალტიესთვის უკეთესია. 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კოჭის მყესები ლილთან ლიგა 1-ის მატჩში მიიღო და უახლოეს დღეებში ოპერაციას ჩაიტარებს. ნეიმარს აღდგენისთვის 3-4 თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია. პარიზულ გუნდს კი წინ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩი ელის მიუნხენის ბაიერნთან, რომელთანაც შინ გამართული პირველი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით წააგო - 0:1.

ნეიმარი პსჟ-ს ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება

"პსჟ-ისთვის კარგია, რომ ნეიმარმა ტრავმა მიიღო. ვფიქრობ, ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა კრისტოფ გალტიესთვის. გარკვეულწილად, მას გამბედაობა სჭირდებოდა ნეიმარის ამოსაგდებად (შემადგენლობიდან). ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ნეიმარის გარეშე გუნდი გაცილებით უკეთ არის დაბალანსებული: ხუთი მოთამაშე დაცვაში, სამი ნახევარმცველი და მბაპე-მესის წყვილი წინ. 

პსჟ დაცვიდან ითამაშებს და მეტოქის კონტრშეტებებზე დაჭერას შეეცდება. ამ გუნდს არ შეუძლია სიტუაციის გაკონტროლება, რადგან როდესაც ბურთს კარგავს, წინ მყოფი სამი მოთამაშე დაცვაზე არ ზრუნავს და ხიფათი იქმნება. ისინი მეტოქეს მეტისმეტად ბევრ შანსს აძლევენ. 

პრობლემა ისაა, რომ არცთუ ბევრი მოთამაშეა, რომლებსაც ნეიმარის შეცვლა შეუძლიათ. ეკიტიკე სათანადო დონეზე არ არის, სხვა შემტევი მოთამაშეები ვერ ბრწყინავენ. პსჟ-ის შემადგენლობა არცთუ ძალიან კარგია და ცუდად არის დაბალანსებული", - აქვეყნებს დიუგარის სიტყვებს ფრანგული მედია

კრისტოფ დიუგარი საფრანგეთის ნაკრების ღირსებას 1994-2002 წლებში იცავდა და მასთან ერთად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა. დიუგარი სხვადასხვა დროს ბორდოში, მილანში, ბარსელონასა და მარსელში თამაშობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები