Thumbnail
  • 📅 8 მარტი | 🏟 ტოტენჰემ ჰოტსპურ სთედიუმი | ⌚ 23:55 | ⚽ ტოტენჰემი V მილანი
  • მილანი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ბოლოს 2012 წელს იყო
  • ორივე გუნდი არასტაბილურია და კარგ ფორმაში არ არის
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

11 წელია, რაც მილანი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 8 გუნდში არ ყოფილა. იტალიის მოქმედ ჩემპიონს ახლა კარგი შანსი აქვს, რომ ეს მოახერხოს.

დიახ, ბოლოს მილანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა, 2012 წელის გაზაფხული იყო. მას შემდეგ დიდ დრო გავიდა, ფეხბურთიც შეიცვალა. "როსონერიმ" ლონდონის ტოტენჰემს შინ ბრაჰიმ დიასის გოლით აჯობა, სტუმრად კი ამ უპირატესობის დაცვა მოუწევს.

უნდა ითქვას, რომ არც ტოტენჰემი და არც მილანი ამჟამად ფორმის პიკში არ არიან. ორივე გუნდს პრობლემები აქვს, მთავარი ხარვეზი კი არასტაბილურობაა. მილანისთვის 2023 წელი კატასტროფულად დაიწყო, იანვარში 7-მატჩიანი მოუგებელი სერიაც ჰქონდა, თუმცა თებერვალში ვითარება შედარებით გამოსწორდა. მიუხედავად ამისა, გასულ უიკენდზე ფიორენტინასთან წაგებამ საგანგაშო ნიშნები ისევ გამოაჩინა. რაც მთავარია, ფლორენციაში მილანის თამაში იყო ძალიან ცუდი ხარისხის, შედეგს რომ თავი დავანებოთ. ამგვარად, ლომბარდიული გრანდი სერია A-ში მხოლოდ მე-5 ადგილზეა და ჩემპიონის ტიტულს რომ ვერ დაიცავს, ნათელია - მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება.

მეორე მხრივ, ტოტენჰემსაც ბევრი პრობლემა აქვს. ანტონიო კონტეს გუნდმა ბოლო ორი თამაში ისე წააგო, რომ გოლიც ვერ გაიტანა. ჯერ ინგლისის თასიდან შეფილდ იუნაიტედმა გააგდო, ბოლოს პრემიერლიგაში ვულვზმაც დაამარცხა. "დეზების" მდგომარეობას ის ართულებს, რომ მილანში წაგებული აქვს, შესაბამისად, ლონდონში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, რაც ასეთ ფორმაში მყოფი ტოტენჰემისთვის მარტივი საქმე არ უნდა იყოს.

მილანმა პირველი მატჩი ამ გოლით მოიგო

მილანს მატეო გაბია ჰყავს ტრავმირებული, ბრაჰიმ დიასმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა, ისევე, როგორც ოლივიე ჟირუმ, რომელსაც გუშინ სიცხე ჰქონდა. სავარაუდოდ, ფრანგი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იქნება. მილანისთვის უდავოდ კარგი სიახლეა ის, რომ მაიკ მენიო დაბრუნდა, რომელიც პირველ თამაშში მოედანზე არ იყო. ფრანგი მეკარე იტალიური გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა.

ტოტენჰემს, როდრიგო ბენტანკური, ერიკ დაიერი და რაიან სესენიონი დააკლდება. ასევე ვერ ითამაშებს კაპიტანი უგო ლორისი, რომელიც ტრავმირებულია. ეს კონტესთვის დიდი დანაკლისია. სამაგიეროდ, ინგლისურ გუნდს დაუბრუნა პიერ-ემილ ჰოიბერგი, რომელმაც მილანური შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

საინტერესო ფაქტები

🟠 ტოტენჰემი მილანის წინააღმდეგ პირველად სამი კვირის წინ დამარცხდა ევროტურნირებზე (2 მოგება, 2 ფრე). "დეზებმა" "როსონერისთან" წინა ორი საშინაო მატჩიდან 1 მოიგეს (1972 წლის აპრილში 2:1), ერთხელაც ფრე ითამაშეს (2011 წლის მარტში 0:0).

🟠 მილანმა ინგლისურ გუნდებთან ევროთასებზე 21 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო (7 ფრე, 13 წაგება). ეს ერთადერთი გამარჯვება იყო მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ 2005 წლის თებერვალში - 1:0, ერნან კრესპოს გოლით. "როსონერიმ" კონკრეტულად ლონდონში ბოლო 3 გასვლითი თამაში წააგო (ბურთების ბალანსი ამ სამ თამაშში - 1:9).

🟠 ტოტენჰემი მომდევნო ეტაპზე ორჯერ გავიდა ბოლო 3 შემთხვევიდან, როდესაც პლეი ოფის პირველი მატჩი წააგო: 2018/19 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაში აიაქსთან და გასულ სეზონში კონფერენსლიგაზე პასუშ დე ფერეირასთან.

🟠 მილანი ჩემპიონთა თასის/ლიგის წინა 21 შემთხვევიდან ასპარეზობას მხოლოდ 3-ჯერ გამოეთიშა, როდესაც პლეი ოფში პირველი მატჩი მოიგო. ეს სამი შემთხვევაა: ფეიენოორდთან (1969/70), დეპორტივოსა (2003/04) და ბარსელონასთან (2012/13).

🟠 ტოტენჰემმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 4 წააგო (2 მოგება). ასევე დამარცხდა ბოლო ორ შეხვედრაში (პლეი ოფში შინ) 2018/19 წლების სეზონში ნახევარფინალში აიაქსთან და 2019/20 წლების სეზონში მერვედფინალში ლაიპციგთან.

🟠 მილანს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 მატჩი მოგებული აქვს და ამ ტურნირზე უკეთესი სერია ბოლოს 2005 წლის თებერვლიდან აპრილამდე ჰქონდა, როდესაც ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა. 2004/05 წლების სეზონის შემდეგ, როცა მილანმა მეოთხედფინალში ინტერი ორივე მატჩში დაამარცხა, ჩემპიონთა ლიგის ერთ სტადიაზე ერთი მეტოქე ორჯერ არ დაუმარცხებია.

🟠 მიმდინარე სეზონში ტოტენჰემმა ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩიდან 5-ში გოლი პირველმა გაუშვა, დანარჩენ ორ შემთხვევაში კი კარი მშრალად შეინახა (2:0 მარსელთან და 0:0 აინტრახტთან).

🟠 ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მილანის წინააღმდეგ ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5 მოგებული აქვს. გამონაკლისი იყო 2020 წლის ოქტომბერში მარცხი, როცა ის ინტერის მწვრთნელი იყო.

🟠 ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა ამ ტურნირზე ჩატარებულ პირველ 24 შეხვედრაში ინგლისელმა თავი 20-ჯერ გამოიჩინა.

🟠 ოლივიე ჟირუმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 2 პასი), რაც მილანის ფეხბურთელებში საუკეთესო შედეგია. ჟირუმ 2020/21 წლების სეზონში ჩელსის მაისურით 5, ხოლო 2015/16 წლების სეზონში არსენალის რიგებში 6 გოლი გაიტანა ამ ტურნირზე. '

🟠 ჟირუს შეუძლია გახდეს მე-3 ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში მინიმუმ 5 გოლს გაიტანს 3 სხვადასხვა გუნდის რიგებში. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ტიერი ანრის აქვს გაკეთებული (მონაკო, არსენალი და ბარსელონა).

🟠 ტოტენჰემის ბოლო ხუთივე მატჩში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და ორივე გუნდს არ გაუტანია.

🟠 მილანის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და ორივე გუნდმა მხოლოდ ერთხელ გაიტანა.

🟠 ამ გუნდების ხუთ ოფიციალურ დაპირისპირებაში 4-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ხსენებული 5 თამაშიდან 2 ტოტენჰემმა მოიგო, 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა, ერთხელ კი გამარჯვება მილანმა მოიპოვა.

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი (3-4-2-1): ფორსტერი - რომერო, ლენგლე, დევისი - ემერსონი, ჰოიბერგი, სკიპი, პერიშიჩი - კულუშევსკი, რიშარლისონი - კეინი.
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: ლორისი, ბისუმა, ბენტანკური, სესენიონი, დაიერი.

მილანი (3-4-2-1): მენიო - კალულუ, კიაერი, ტჩაო - სელმაკერსი, ბენასერი, ტონალი, ტეო ერნანდესი - კრუნიჩი, ლეაო - ჟირუ.
ტრავმა: გაბია, დიასი(?).

კომენტარები

ბოლო ამბები