- ორლანდო მეჯიქი 123:134 მილუოკი ბაქსი
- 23 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 20 წუთზე მეტი გაატარა
- ბითაძეს პლუს-მინუს კოეფიციენტი მეჯიქში ყველაზე მაღალი ჰქონდა
გოგა ბითაძემ ორლანდოში მისთვის რეკორდული დრო მიიღო და შედეგიანი თამაშითაც გამოირჩა. NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში მეჯიქმა შინ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ მილუოკისთან ითამაშა, მასპინძელთა 23 წლის ქართველმა ცენტრმა კი, რომელიც გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა, მოედანზე 20:16 წუთი გაატარა.

გოგა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა პერიმეტრიდან ერთხელ და ისიც არაზუსტად ისროლა, საშუალო დისტანციიდან მისი 8 შეტევიდან 6 კი შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ბითაძემ ბურთი 5-ჯერ მოტოქის ფარიდან მოხსნა, 3-ჯერ კი დაცვაში თამაშისას. 3-ჯერ დაჯარიმდა, მისი პლუს-მინუ კოეფიციენტი კი 6 იყო - საუკეთესო მაჩვენებელი გუნდში.
ტრავმირებული ლიდერის, იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე მოთამაშე ბაქსმა პირველი პერიოდი 10 ქულით მოიგო, რის შემდეგაც მეტოქეს ანგარიშში წინ გასვლის შანსი აღარ მისცა. გამარჯვებულებს 26 ქულით ბრუკ ლოპესმა ულიდერა, ორმაგი დუბლი ჰქონდათ კრის მიდლტონს (24 ქულა, 11 პასი) და ბობი პორტისს (16 ქულა, 11 მოხსნა). ორლანდოში ყველაზე მეტი - 23 ქულა კოულ ენტონიმ ჩააგდო.
ორლანდო მეჯიქს 27 მოგება და 39 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციას იკავებს. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას შინ 10 მარტს, იუტა ჯაზთან გამართავს.
კომენტარები