Thumbnail
  • ლეიკერსმა პაუ გასოლის 16-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო
  • მაისურის დარბაზში ჩამოკიდების ცერემონია მემფისთან მატჩში შედგა
  • გასოლი მეშვიდე ევროპელი კალათბურთელია, რომელიც ლიგაში დააფასეს

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელის პაუ გასოლის მაისური ხმარებიდან ამოიღო - ამიერიდან, მის 16-ნომრიანი მაისურს აღარავინ ჩაიცმევს. გასოლის დაფასების ცერემონია მემფისთან შეხვედრაში, პირველი ტაიმის შესვენებისას შედგა. 

ესპანელმა კალათბურთელმა კარიერის საუკეთესო წლები ლეიკერსში გაატარა. იგი კალიფორნიულ კლუბში 2008 წელს სწორედ მემფისიდან გადავიდა და გუნდს ზედიზედ სამჯერ სუპერფინალში გასვლაში დაეხმარა, საიდანაც ორჯერ (2009-2010) ჩემპიონობა იზეიმა. 

აღსანიშნავია, რომ გასოლი კობი ბრაიანტთან ერთად ბრწყინვალე დუეტს ქმნიდა. ისინი არამხოლოდ პარკეტზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ძალიან კარგად უგებდნენ ერთმანეთს, ახლა კი, მათი მაისურები ლეიკერსის დარბაზში საპატიო ადგილს იკავებენ. ცერემონიაზე განსაკუთრებით ემოციური იყო კობის ცოლის, ვანესა ბრაიანტის ჩართვა, ამ დროს პაუმ ცრემლები ვერ შეიკავა. 

საუკეთესო მეგობრები პარკეტზე და მის ფარგლებს გარეთ

“ეს ღამე ნებისმიერ ოცნებას და მოლოდინს აღემატება, რაც მქონია. ჩემი მაისურის კობის გვერდით დანახვა რაღაც განსაკუთრებულია, თან სევდიანი, მტკივნეული და ამავდროულად ბედნიერი. დიდი პატივი იყო ამ მაისურის ჩაცმა, ფრენჩაიზის წევრობა და გუნდის დახმარება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე დადგებოდა. უბრალოდ დაიჯერეთ და არასდროს დანებდეთ” - თქვა გასოლმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს. 

NBA-ს ისტორიაში პაუ გასოლი მეშვიდე ევროპელი მოთამაშე გახდა, რომელსაც მსგავსი პატივი მიაგეს, მანამდე ეს დაფასება წილად ხვდათ ხორვატ დრაჟენ პეტროვიჩს (ნიუ ჯერსი), სერბებს, პეჟა სტოიაკოვიჩსა და ვლადე დივაცს (საკრამენტო), ლიეტუველ ჟიდრუნას ილგაუსკასს (კლივლენდი), ფრანგ ტონი პარკერს (სან ანტონიო) და გერმანელ დირკ ნოვიცკის (დალასი).

ცერემონაის პაუს ძმა მარკიც ესწრებოდა

გასოლმა ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში 18 სეზონი გაატარა. იგი 2001 წლის დრაფტზე ატლანტამ მესამე ნომრად აირჩია, მაგრამ მალევე მემფისში გაუშვა. პაუმ გრიზლისის შემადგენლობაში 2008-წლამდე ითამაშა, რის შემდეგაც ლეიკერსს მიაშურა და ორჯერ ჩემპიონობა იზეიმა. გასოლის ლოსანჯელესური კარიერა 2014 წელს დასრულდა, მან სათამაშოდ ჩიკაგო ბულსს მიაშურა, სადაც ორი წელი გაატარა. საინტერესოა, რომ გასოლმა ქულებში კარიერის საუკეთესო შედეგი სწორედ ჩიკაგოში თამაშისას დააფიქსირა, როცა 2015 წელს მილუოკის წინააღმდეგ 46 ქულა და 18 მოხსნა დააფიქსირა. მან NBA-ში ასევე სან ანტონიოსა და მილუოკის რიგებში ითამაშა. პაუ გასოლის კარიერული სტატისტიკა ასე გამოიყურება: საშუალოდ 17 ქულა მატჩში, 9,2 მოხსნა, 3,2 პასი და 1,6 დაფარება. საერთო ჯამში, მან რეგულარულში 1226 მატჩი ჩაატარა და 20894 ქულა დააგროვა.

კომენტარები

ბოლო ამბები