Thumbnail
  • ორლანდო მეიჯიქი 124:131 იუტა ჯაზი
  • გოგა ბითაძე ამჯერადაც დიდხანს ათამაშეს
  • მეჯიქს Play-In-ში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება

მილუოკი ბაქსთან კარგი თამაშის შემდეგ (12 ქულა, 8 მოხსნა), გოგა ბითაძეს დრო იუტა ჯაზთანაც საკმარისად მიეცა: ორლანდო მეჯიქის მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ ქართველი ცენტრი 20 წუთი და 45 წამი ათამაშა.

სამწუხაროდ, იუტა ჯაზთან 124:131 წაგებულ შეხვედრაში ბითაძეს ისეთი შედეგები აღარ ჰქონია, როგორც წინა შეხვედრაში. გოგამ ამჯერად სულ 3-ჯერ ისროლა (არცერთი სამიანი) და მხოლოდ ერთი ჩააგდო, 4 საჯარიმოდან კი მხოლოდ 1 გამოიყენა და 3 ქულა დააგროვა. ჯამში 5 მოხსნა ჰქონდა (3 შეტევაში, 2 დაცვაში), ასევე 2 ასისტი, 2 დაფარება და საპირისპიროდ, 1 დაკარგვა. რაც კარგია: ბითაძეს +/- კოეფიციენტი +2 გამოუვიდა.

იუტასთან მარცხი იმას ნიშნავს, რომ ორლანდოსთვის Play-In-ში მოხვედრა ოცნებადვე დარჩება, რადგან მე-10 ადგილზე მყოფ ვაშინგტონთან ჩამორჩენა უკვე 4 მოგებას შეადგენს, ეს კი, დიდი ალბათობით უკვე მეტისმეტია. არადა, მეჯიქს ასევე Play-In-ისთვის მებრძოლი იუტას დამარცხება ნამდვილად შეეძლო და შანსიც ჰქონდა.

საფინალო სირენამდე 52 წამით ადრე პაოლო ბანკერომ სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა -1 ქულამდე შეამცირა, მაგრამ საპასუხოდ, ახალბედა უოკერ კესლერმა (13 ქულა, 10 მოსნა) Putback-ის შემდეგ And-1-იც დაიმსახურა. ორლანდოს კი ამ თამაშის მოგების შანსი ამის მერე აღარ მიუღია. 

აღსანიშნავია, რომ ბანკერომ თავისი 26 ქულიდან 13 ბოლო მეოთხედში ჩააგდო. ფრანც ვაგნერმა 24 ქულას მოუყარა თავი (9/21, 4/9 სამქულიანი). მარკელ ფულცმა 25 ქულა დააგროვა, ხოლო ბითაძის კონკურენტმა მო ვაგნერმა კი 11 ქულას მიაღწია (4/8) და 6 მოხსნა ჰქონდა. მისი +/- კოეფიციენტი -3 გახლდათ.

იუტას მთავარი გმირი ლაური მარკანენია - მან 31 ქულა (11/22) დააგროვა და საუკეთესო იყო. კარგად ითამაშეს ტეილენ ჰორტონ-ტაკერმა (23 ქულა, 10/18, 8 ასისტი), ასევე რეზერვისტმა სიმონე ფონტეკიომ, რომელმაც 17 ქულა დააგროვა, რაც მისი ახალი პირადი რეკორდია.

კომენტარები

ბოლო ამბები