"საინტერესო ტიპია - ასე თქვა, ვანიდან დავიწყე და ახლა ნიუ იორკში ვარო" - დღემდე მახსოვს, როგორ შემოვიდა სამუშაო ოთახში ნოე ცანავა - კარგი კაცი და ძალიან კარგი ფილმების და გადაცემების ავტორი.
"ვანიდან დავიწყე და ახლა ნიუ იორკში ვარ“ - თვითონ ეს ფრაზა უკვე ისტორიაა, ამბავია. უკვე ერთ დიდ, ცხოვრებისეულ გზაზე გიყვება და საერთოდაც ყველამ ვიცით, რომ ვანიდან ნიუ იორკამდე დიდი გზაა, ბევრი წვალება და დიდი შრომა. სხვა ფაქტორიც არის: ნიუ იორკში მაგარი ბიჭები მიდიან ხოლმე თავის თავის და თავისი ცხოვრების ახლიდან საპოვნელად. ასეა ფილმებში, წიგნებში და რეალობაშიც. დამაინტერესა იმიტომ, რომ თავის დროზე მეც გავქცეულვარ ნიუ იორკში ჩემი თავის ახლიდან საპოვნელად - ზუსტად ვიცი, რა ამბავია.
მოკლედ, ჩავეკითხე, ვის გულისხმობდა. სწორედ მაშინ გავიგე პირველად მერაბ დვალიშვილის სახელი და გვარი. მაშინ მერაბი შერეული ბრძოლების სამყაროს იქით ბევრმა არ იცოდა.
ნოემ ზუსტად იცოდა, რომ მერაბის ისტორია ფილმის ისტორიაა. აქედან გაჩნდა ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს, ასჯერ მაქვს ნანახი და ისევ და ისევ ვუყურებ ხოლმე. იმიტომ მიყვარს, რომ იქ ცხოვრებისეული ამბავია - ბრძოლის, შრომის, არდანებების, ტკივილის, ისევ ბრძოლის, არგამართლების, მაინც ბრძოლის და ბოლოს მაინც გამარჯვების.

მერაბ დვალიშვილმა ვანიდან ნიუ იორკამდე იარა, უბრალო ბიჭიდან ვარსკვლავობამდე მივიდა, თანაც ისე, რომ მაინც უბრალო, ნაღდ და ალალ კაცად დარჩა. და ახლა მერაბი ერთ ნაბიჯშია, რომ თავის წონაში საუკეთესო იყოს.
ზემოთ არგამართლება ვახსენე და მერაბის მთელი ცხოვრება არგამართლებით და სირთულეებით სიარული იყო. ვარსკვლავობამდე მშენებლობებზე მუშაობით მივიდა, თანაც ისე, რომ მაშინ მისი არავის სჯეროდა. წარმოიდგინე, უცხო ქვეყანაში, სპორტსმენისთვის არცთუ ისე პატარა ასაკში, მშენებლობაზე ფიზიკურად მუშაობის შემდეგ უნდა ადგე და ივარჯიშო, თანაც ისე, რომ იქ, ჯიმში არავინ გელის, ჩემპიონივით არავინ გხვდება - მარტო ხარ შენს თავთან. მერაბ დვალიშვილი მაინც ვარჯიშობდა, ის იყო ერთადერთი, ვინც ფსონს თავის თავზე ჩამოვიდა. UFC-ში მოხვედრის ამბავს რომ იგებს და ცეკვავს, ასეთი გულწრფელი, ნაღდი და მაგარი სიხარულიც ალბათ არასოდეს მინახავს.
კიდევ სხვა ამბავია, როგორია UFC-ში 0-2-დან, ანუ პირველი ორი წაგებული ბრძოლის შემდეგ დარჩენა და მერე საჩემპიონო ამბებამდე მისვლა. პრაქტიკულად წარმოუდგენელი ისტორიაა.
მერაბის ამბავში ყველაზე მაგარი, ყველაზე შთამაგონებელი სწორედ ეს ცხოვრებისეული ისტორიაა - საიდან დაიწყო, რა გზა გაიარა და სადამდე მივიდა.

აქედან მოდის მისი მართლა საოცარი ენერგია, დრაივი, ბრძოლის და მოძრაობის წყურვილი. იმხელა გზა აქვს გავლილი - იმდენი შრომით, ისეთი ტანჯვით, არ დაიღლება, ცხოვრებამ ვერ დაღალა და მოწინააღმდეგემ, როგორ უნდა დაღალოს? დარწმუნებული ვარ, კვირასაც ასე იქნება - მერაბი დაიწყებს შტორმივით ტემპში და მაშინ, როცა ყველა იფიქრებს, რომ ის უნდა დაიღალოს, ტემპს კიდევ უფრო მოუმატებს.
ხომ არის ვარჯიშის ძალა და ენერგია, ათლეტიზმით დაყენებული და არის კიდევ შინაგანი ძალა და შემართება, სულიდან, გულიდან რომ მოდის, დვალიშვილის საფირმო სტილი სწორედ ეს არის. ამ კაცს ერთი ჩემპიონობა წინა ცხოვრებაში აქვს მოგებული, იმისთვის, რომ ჩხუბის და ბრძოლის უფლება და საშუალება ჰქონოდა.
სხვა ამბავიცაა. რაღაცნაირი ხალხური ძალა აქვს, მიწიდან, სოფლიდან რომ მოდის ისეთი. სხვაგან ვერ ისწავლი. წლებია ვუყურებ და UFC-ს გარემომ საერთოდ ვერ შეცვალა. პირიქით, სამაგალითოდ წესიერი, ალალი, უბრალო და ხალხის კაცია.

პრესკონფერენციაზე ამაყად თქვა - „ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ“. სხვადასხვა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ საკითხებსაც ხშირად ეხმიანება ხოლმე, ყოველთვის ღირსეულად და სამართლიანად. მერაბს აქვს ამის თქმის უფლება, რადგან იცი, რომ მართლა ხალხის კაცია.
შერეული ბრძოლები ქართველებს გამოგვდის და სპორტის ეს სახეობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. ისე ჩანს, რომ პირველი ქართველი ჩემპიონი მხოლოდ დროის ამბავია. საჩემპიონო ბრძოლამდე ბევრიც აღარ აკლია გიგა ჭიკაძეს, ფენომენალური ტალანტია ილია თოფურია, საჩემპიონო ჩხუბთან ძალიან ახლოსაა რომან დოლიძე, კარგი მებრძოლია და კიდევ მეტს იზამს გურამ ქუთათელაძე. ყველა გვიყვარს და ყველას ვგულშემატკივრობთ. თუმცა, ვიქნები სულ ცოტა სუბიექტური და ვიტყვი, რომ პირველ, დიდ, შეიძლება სტატუსით ქამრის არა, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის ბრძოლას მერაბი იმსახურებდა მისი კარიერული გზის გამო - იმის გამო, თუ როდის და როგორ დაიწყო ეს გზა, რამდენი იარა და რამდენი იტანჯა. მერაბის მაგალითმა ამ ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა ბევრს შეაყვარა. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. აი, ამ სახალხო, სრულიად საქართველოს ბრძოლასაც ის იმსახურებს.
'იმხელა გზა აქვს გავლილი - იმდენი შრომით, ისეთი ტანჯვით, არ დაიღლება. ცხოვრებამ ვერ დაღალა და მოწინააღმდეგემ, როგორ უნდა დაღალოს?'
იმავე პრესკონფერენციაზე ისიც თქვა - „მე ქართველი ვარ და ის რუსია, ამით ყველაფერია ნათქვამი“ - ასე ნაღდად და ყალბი რევერანსების გარეშე. სპორტში საერთოდ არ მინახავს, რომ ვინმე ასეთი ალალი და გულწრფელი იყოს. მხოლოდ რუსზეც არ არის - პიოტრ იანი მაგარი მებრძოლია. რომ არა ის საბედისწერო შეცდომა თუ უყურადღებობა, იანი დღეს რამდენიმეგზის ჩემპიონი უნდა იყოს. არასწორ დარტყმას ალჯამეინ სტერლინგთან იანის დისკვალიფიკაცია და მოგებული ბრძოლის წაგება მოჰყვა. ამას კიდევ ორი მარცხი და ახლა იანიც თავისი კარიერის გადარჩენისთვის იბრძვის. არადა, ობიექტურად მართლა მაგარი მებრძოლია, ერთ-ერთი საუკეთესო დგომში. სუბიექტური ფაქტორი რომ არ იყოს, ალბათ თავისუფლად ვუგულშემატკივრებდი, მაგრამ რუსეთის ფედერაციას წარმოადგენს და რა გინდა, რომ ქნა? მერაბისთვის ეს გამარჯვება გარანტირებულად იმას ნიშნავს, რომ შემდეგს ის ქამრისთვის იბრძოლებს.
მეტი ამ თემაზე
- დვალიშვილი: მე ქართველი ვარ, ის რუსია, ყველაფერი გასაგებია
- იანი დვალიშვილზე: ძაღლივით ჩაბღაუჭების მეტი არაფერი შეუძლია
- 'პატარა, მკვლელი ქართველია' - კონორმა მერაბს წარმატებები უსურვა
- ხაბიბის ბიძაშვილი: მერაბი ნორმალური არაა, გიჟივით სულ წინ მიდის
- PREVIEW | როგორ უნდა მოიგოს დვალიშვილმა და რას ელოდოს რუსისგან
სწორედ მისი პირდაპირობის, გულწრფელობის თუ უბრალოობის გამო UFC მაინცდამაინც მერაბისკენ ნამდვილად არ არის. ხალხის კაცია და არა რეკლამის, ბიზნესის და პრომოუშენის. თან იქ სტერლინგთან მეგობრობის ფაქტორია, თორემ დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლა ალბათ აქამდეც დაიმსახურა. როგორც გითხარით, იღბალი, გამართლება და სხვა სუბიექტური ფაქტორები მერაბ დვალიშვილისკენ არასოდეს ყოფილა. პირიქით, მას მეტოქეების დამარცხებასთან ერთად ამ სუბიექტური ფაქტორების დაძლევაც უწევს. მისი გზა ასეთი ყოფილა.
არის რაღაცები, რაც შეიძლება ქამარზე დიდი იყოს. სულ მცირე, საქართველოს მასშტაბით მაინც არანაკლები მნიშვნელობის. ასეთია იანთან ბრძოლა. ყველანაირი ყალბი პათეტიკის გარეშე - კვირას გამთენისას მერაბის უკან მთელი საქართველო იდგება. მან ეს დაიმსახურა.

კომენტარები