- ტოჩინოშინი ტრავმების მიუხედავად ბოლომდე ბრძოლას აპირებს
- ქართველი სუმოისტი მარტის ბაშოს მეორე დივიზიონში ჩაატარებს
35 წლის ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ კარიერაში ძალიან რთული დროება უდგას. ტოჩიმ თავის საიუბილეო მე-100 ბაშოზე მხარი დაიზიანა, რის შედეგად, წლის პირველ სუპერტურნირზე ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა.
სუმოს წესების თანახმად, ტოჩინოშინს დარჩენილი ბრძოლები წაგებად ჩაუთვალეს, შესაბამისად, ქართველი გოლიათი რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში დაქვეითებას ვეღარ გადაურჩა (2014 წლის შემდეგ პირველად). მარტის ბაშოს დაწყებამდე ორი დღეა დარჩენილი და აქამდე უცნობი იყო შეძლებდა თუ არა ტოჩი ჰარუ ბაშოზე მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ლევანმა მებრძოლი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა და ტრავმების მიუხედავად, წლის მეორე სუპერტურნირზე ჭიდაობას მაინც აპირებს.
“მოგეხსენებათ, წინა ბაშოზე ლევანმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო მარცხენა მხარზე, რომელიც, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოიშუშა ბოლომდე. ამას დაემატა მარჯვენა მუხლის ქრონიკული ტრავმის დამძიმება (რაც მისმა უვარჯიშებლობამ გამოიწვია) და თითქოს, ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა ჩვენი გოლიათის თავს. მაგრამ, ყველამ კარგად იცით, როგორი მებრძოლი სულის პატრონია ლევან გორგაძე, რომელიც მარტივად არასდროს ნებდება, და "მაინც გამოვალ მარტის ბაშოზეო" - გვითხრა დღეს დილით ჩვენმა ფალავანმა. ქართველ რიკიშის სურვილი აქვს, კიდევ ერთხელ გაიბრძოლოს და შეეცადოს მაკუუჩიში დაბრუნებას” - ინფორმაციას სუმოს ქომაგების Facebook ჯგუფი ავრცელებს.

ტოჩინოშინს ჯურიოს მეორე ნომრის წოდება მიანიჭეს. პირველ საშეჯიბრო დღეს მისი მეტოქე მონღოლი იჩინოჯო იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვევდრებში 18:10-ს უგებს. იმ შემთხვევაში, თუ ტოჩის ტრავმები ხელს არ შეუშლის, შესაძლოა, მისთვის უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად მინიმალური კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დაფიქსირება საკმარისი აღმოჩნდეს, 9 მოგებით კი მაკუუჩი დივიზიონში გარანტირებულად აღზევდება.
საინტერესოა, რომ ჯურიოს პირველი ნომერი ყოფილი ოძეკი ასანოიამაა. იგი 2021 წელს სუმოს ასოციაციამ კორონავირუსის რეგულაციების დარღვევის გამო 1-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შედეგად, იაპონელმა სუმოისტმა 6 ბაშო გამოტოვა, ახლა კი მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
სუმოს წლის მეორე სუპერტურნირი ჰარუ ბაშო 12 მარტს ოსაკაში დაიწყება და 26 მარტამდე გაგრძელდება.
კომენტარები