Thumbnail

სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონიო სპურსის მაისურით საუკეთესო მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს  გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. 23 წლის ქართველმა ფორვარდმა, რომელიც სპურსს ცოტა ხნის წინ შეუერთდა, გრეგ პოპოვიჩის გუნდში მესამედ ითამაშა და ყველაზე შედეგიანად - 12 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 

აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილის გუნდის მეტოქე დასავლეთ კონფერენციის ლიდერი, ნიკოლა იოკიჩის დენვერ ნაგეტსი იყო. სერბი ცენტრი მოედანზე საუკეთესო იყო და სამმაგი დუბლითაც გამოირჩა - 37 ქულა, 11 მოხსნა, 11 პასი, თუმცა, ამის მიუხედავად, დენვერი მარცხისგან ვერ იხსნა.

სანდრო მამუკელაშვილი და ნიკოლა იოკიჩი

სტუმრებმა პირველი მეოთხედი 12-ქულიანი უპირატესობით კი მოიგეს, მაგრამ ამის შემდეგ სან ანტონიომ თამაში გამოასწორა და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდეც მიიყვანა. მასპინძელთა რიგებში საუკეთესოები კელდონ ჯონსონი (23 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი) და დაგ მაკდერმოტი (20 ქულა, 5 მოხსნა) იყვნენ. 

რაც შეეხება მამაუკელაშვილს, ის თამაშში დასკვნითი პრიოდის წინ ჩაერთო და ბოლომდე მოედანზე დარჩა. სანდრომ 3 სამქულიანი ისროლა და 2 ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან ორჯერ შეუტია და ორივე ჯერზე უშეცდომო იყო, მისი 2 საჯარიმოდან კი ზუსტი 1 აღმოჩნდა. მამუკელაშვილმა ბურთი 3-ჯერ საკუთარ ფარზე მოხსნა, ერთხელ - შეტევაში. ქართველი ფორვარდი სამჯერ დაჯარიმდა, მისი პლუს-მინუს კოეფიციენტი კი 3 იყო.    

სან ანტონიო სპურსმა რეგულარულ ჩემპიონატში 17 თამაში მოიგო, 49 კი დათმო. მომდევნო შეხვედრას გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი 13 მარტს, შინ ოკლაჰომასთან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები