Thumbnail

'ჩვენ თქვენზე ძლიერები ვართ!' - სანდრო ბაზაძე FIE-ს აკრიტიკებს

  • ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსები და ბელარუსები ტურნირებში დაუშვა
  • FIE-ს გადაწყვეტილება, სხვებთან ერთად, ქართველმა ხმლით მოფარიკავემაც გააკრიტიკა

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მისი ეგიდით გასამართ საერთაშორისო ტურნირებში დაუშვა, რამაც რუსეთთან ომში ჩაბმულ უკრაინასა და მის მხარდამჭერებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 

გადაწყვეტილება, რომელიც 10 მარტს გამართულ რიგგარეშე კონგრესზე მიიღეს (89 დელეგატის ხმა 46-ის წინააღმდეგ), რუს და ბელარუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში ნეიტრალური სტატუსით გამოსვლის უფლებას აძლევს და ის ძალაში 2023 წლის აპრილის მეორე ნახევრიდან შევა. 

ცნობისთვის, ივლისში მილანში ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, რუს და ბელარუს მოფარიკავეებს კი, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების გამო, საერთაშორისო შეჯიბრებებიდან 2022 წლის მარტიდან მოკვეთილები იყვნენ, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.

FIE-ს გადაწყვეტილებას სწრაფად გამოეხმაურა ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელმაც ორგანიზაცია გააკრიტიკა და უკრაინელ მოფარიკავეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"მინდა ვიცოდე, ასეთი უსამართლოა ეს სამყარო? FIE, არ გაქვთ ასე მოქცევის უფლება მაშინ, როდესაც უდანაშაულიო ბავშვები და ადამიანები იღუპებიან. ასე იოლად იღებთ ამ გადაწყვეტილებას? დაგვიჯერეთ, ჩვენ თქვენზე ძლიერები ვართ. ამას არ დავუშვებთ. ოლგა ხარლანის და ყველა უკრაინელი მოფარიკავეს გვერდით ვარ", - დაწერა სანდრომ სოციალურ ქსელში, რომელმაც ხმლით ფარიკაობაში 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები