Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც სერია A-მ თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, მარტშიც შეუჩერებელია. ბერგამოს ატალანტას მცველებს მან კოშმარული საღამო მოუწყო, განსაკუთრებით მე-60 წუთზე, როცა გენიალური გოლი გაიტანა, მე-11 იტალიის ჩემპიონატში. 

მატჩის წინ თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო

ლუჩანო სპალეტიმ დისკვალიფიცირებული მარიო რუი კვლავ მატიას ოლივერათი შეცვალა; ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად სასტარტოში პოლიტანო მოხვდა; მატჩის წინ გახურებაზე დაშავდა მეკარე მერეტი, რომელიც გოლინიმ შეცვალა. გასპერინის გუნდის მთავარი დანაკარგი წინა ტურში დაშავებული ნიდერლანდელი კოპმაინერსი იყო. 

ნაპოლის სამი საგოლე მომენტი ჰქონდა პირველ ტაიმში და სამივე შემთხვევაში ატალანტას არგენტინელმა მეკარე ხუან მუსომ იყოჩაღა: ჯერ პოლიტანოს დარტყმული აიღო, ხოლო 28-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას სლალომის შემდეგ მისი დარტყმული ახლო მანძილიდან ყინულის ჰოკეის მეკარის სტილში მოიგერია, ბოლოს მუსომ ისევ პოლიტანოს დარტყმული მოიგერია. 

ბერგამოელი მცველები მთელი თამაში გააწამა

მე-60 წუთზე 22 წლის ქართველმა მორიგი შედევრი გვაჩუქა, მან ბურთი ვიქტორ ოსიმენისგან მიიღო, მცველები მოძრაობაზე დაიჭირა და ოდნავი რიკოშეტის დახმარებით ძალიან მაგარი გოლი გაიტანა. 76-ე წუთზე ტრავმა მიიღო კორეელმა კიმმა და მან მოედანი დატოვა, ერთ წუთში დაცვის ცენტრში მისმა თანამეწყვილე ამირ რაჰმანიმ თავურით მეორე გოლი გაიტანა - 2:0. 

19 მარტს ლუჩანო სპალეტის გუნდი ტურინში ტორინოს ესტუმრება, მანამდე კი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს ითამაშებს ფრანკფურტის აინტრახტთან.

საინტერესო ფაქტები

🟠 ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში მე-11 გოლი გაიტანა და ამით ლევან მჭედლიძეს დაეწია, თუმცა პალერმოს და ემპოლის ფორვარდს ამისთვის 6 (თუმცა არასრული) სეზონი დასჭირდა. 

🟠 სერია A-ში ჯერჯერობით, ყველაზე მეტი გოლი ქართველ ფეხბურთელებს შორის კახა კალაძეს აქვს გატანილი - 13 (12 სეზონი იტალიის ჩემპიონატში). 

🟠 გოლი პლუს პასის სისტემით კვარაცხელიას უკვე 20 ქულა აქვს (11+9) და სერია A-ში მხოლოდ ვიკტორ ოსიმენს ჩამორჩება. 

🟠 ხვიჩა კვარაცხელიამ ვიკტორ ოსიმენის პასით მე-2 გოლი გაიტანა. გაცილებით მეტია ამ ტანდემის ანგარიშზე, როცა ხვიჩა ასისტენტის როლშია, ხოლო ნიგერიელი აგვირგვინებს შეტევას - 6 გოლი. 

ნაპოლი 2:0 ატალანტა

გოლები: 1:0 კვარაცხელია (60. ოსიმენის პასით), 2:0 რაჰმანი (77. ელმასის პასით)

ნაპოლი (4-3-3): გოლინი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი (76. ჟუან ჟეზუში), ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი (66. ნდომბელე) - პოლიტანო (66. ელმასი), ოსიმენი (85. სიმეონე), კვარაცხელია (85. ძერბინი).

კომენტარები

ბოლო ამბები