- მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა
- ქართველი რუსთან ჩხუბში შეუდარებელი იყო და მეტოქეს მცირე შანსიც არ მისცა
- 'ვინ არის ახლა ნული?' - რა თქვა დვალიშვილმა იანთან გამარჯვების შემდეგ
ბრძოლა, რომელსაც მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა, მერაბ დვალიშვილის სრული დომინაციით წარიმართა და ისეთი გამარჯვებით დასრულდა, მცირე კითხვის ნიშანსაც რომ არ ტოვებს: ქართველმა მებრძოლმა რუსს ხუთივე რაუნდში აჯობა!
ეს UFC-ის საღამოს მთავარი ჩხუბი გახლდათ: მერაბ დვალიშვილმა (15-4) UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი (16-4) აბსოლუტურად უპრობლემოდ დაამარცხა.

პირველი ორი რაუნდი მერაბმა იანი აშკარად დაჩაგრა - ქართველი დგომშიც უკეთესი იყო და რუსზე მეტი თეიქდაუნიც შეასრულა. მესამე რაუნდიც დვალიშვილს დარჩა - იანს ისეთი ტემპი შესთავაზა, რომ პიოტრმა, ფაქტობრივად, ვერაფერი მოახერხა. საჩემპიონო რაუნდების წინ მერაბი რაუნდებში 3:0-ს იგებდა.

ქართველი მეოთხე რაუნდშიც უკეთესი იყო, მეხუთეში და ალბათ, კარიერის საუკეთესო ბრძოლა ჩაატარა, მეტოქეს გადაუარა, სტრაიკინგშიც აჯობა, ჭიდაობაშიც და სამშაბათს საკუთარი დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომერი იქნება!
გამარჯვების მთავარი საფუძველი მერაბის სავიზიტო ბარათი - გადამწველი ტემპი გახდა. ქართველმა რუსის პარტერში 49-ჯერ სცადა, 49-ჯერ!!! წარმატებული 11 იყო და ეს რიცხვები შთამბეჭდავია! მერაბმა პიოტრს შეტევისთვის სივრცე და დრო არ დაუტოვა. ასევე, მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი - მეორე რაუნდიდან მოყოლებული იანს მარცხენა ფეხის კარგად გამოყენება უჭირდა, რაც გიგა ჭიკაძის კარნახის შედეგი გახდა - "ნინძა" პირველი რაუნდის დროს მერაბს მეტოქის ფეხებზე მუშაობისკენ მოუწოდებდა, რამდენიმე ლოუქიქის შემდეგ, რუსი აშკარად ცუდად ამოძრავდა. ჯერ ენერგია და სული ამოხადა, პარალელურად ფეხზე დგომისას სცემა, თითქმის მთელი ბრძოლა დაცვაში გაატარებინა - ეს არის მერაბ დვალიშვილის სტილი და ტაქტიკა, რომელსაც ვერავინ ვერაფერს უხერხებს!

ის ფაქტი, რომ მერაბმა კარიერაში პირველად იჩხუბა 5 რაუნდი და ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის წინააღმდეგ გააკეთა, მატჩის მიხედვით არ იგრძნობოდა. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ - სუპერმსუბუქი წონის ყოფილი რუსი ჩემპიონი კარიერის მანძილზე არავის ისე არ დაუჩაგრავს, როგორც ეს დვალიშვილმა გააკეთა. ვერც ალჯამეინ სტერლინგმა, ვერც სხვა ვერავინ - მხოლოდ მერაბ დვალიშვილმა. ამ ბრძოლამ ყველას დაანახა, რომ ქართველი სატიტულო ჩხუბს იმსახურებს!
კომენტარები