Thumbnail

წარუმატებელი დაბრუნება ჯურიოში - ტოჩინოშინმა ოსაკაში იორიკირით წააგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იაპონიის ქალაქ ოსაკაში საგაზაფხულო სუპერტურნირი - ჰარუ ბაშო დაიწყო
  • ტოჩინოშინი მონღოლ იჩინოჯოს დაუპირისპირდა და იორიკირით წააგო

ვეტერანი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა დოჰიოზე რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში და წარუმატებელი ორთაბრძოლა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ტოჩინოშინი კარიერის პიკზე ოძეკის წოდებას ატარებდა, 29 წლის მონღოლი იჩინოჯო კი თავის დროზე სეკივაკეს ტიტულს ფლობდა.

ახლა, მაკუუჩი დივიზიონში არცერთი მათგანი აღარ იმყოფება, ჯურიოში მათი დაპირისპირება კი აზიელის იოლი გამარჯვებით დასრულდა.

იჩინოჯომ საწყისი მიძალებისთანავე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და ქართველი სუმოისტი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა, თუმცა, ურთიერთშეხვედრებში ლევანს მაინც საგრძნობლად ჩამორჩება – 12:18.

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირის (ჰარუ ბაშო) მე-2 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-3 ნომერი შონანოუმი იქნება. გორგაძე 24 წლის იაპონელ სეკიტორს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, თავად ტოჩინოშინი ჯურიოში დასავლეთის მე-2 ნომროს სტატუსით ირჯება და 9 მოგების შემთხვევაში, მაკუუჩი დივიზიონს გარანტირებულად დაუბრუნდება, თუმცა, შესაძლოა, მიზნის მისაღწევად მინიმალური კაჩი-კოშიც (დადებითი ბალანსი, 8-7) ეყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები