Thumbnail

გასული უიკენდი ქართული სპორტისთვის შესანიშნავი გამოვიდა! შაბათს ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკა ვნახეთ, კვირას კი - მერაბ დვალიშვილის მოგებული ომი პიოტრ იანთან...


კვარა | ხვიჩამანია ახალ საფეხურზე

შაბათის შემდეგ, ნეაპოლში "ხვიჩამანია" ახალ საფეხურზე ავიდა. ლოგიკურიცაა: ნაპოლის ქართველმა ლიდერმა ისეთი გოლი გაიტანა, იტალიელთა ერთი შეხედვით ამოწურვად ფანტაზიასაც კი ახალი მუზები მიაწოდა. კვარაცხელიას მარადონას კი აღარ ადარებენ, მარადონას უწოდებენ, მისთვის უკვე დიეგოს 10-ნომრიანი მაისურის მიცემასაც ითხოვენ და ა.შ. აღარაფერს ვამბობთ ისეთი ლეგენდების კომენტარებზე, როგორიცაა მაგალითად მარკო ვან ბასტენი...

📋 | კვარას გოლს და ყველაფერს, რაც მასზე თქვეს და დაწერეს, აქ ნახავთ.

Machine | მერაბის დღესასწაული

კვარაცხელიას სუპერგოლს, რომელიც ხვიჩამ შაბათს გაიტანა, კვირას გამთენიისას მერაბ დვალიშვილს ძალიან მაგარი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოჰყვა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ის მთავარ ჩხუბში რუსი ექს-ჩეპიონი პიოტრ იანი დაამარცხა და თანაც ისე, რომ შანსი არ დაუტოვა - ხუთივე რაუნდში გაანადგურა. არადა, ბრძოლის წინ ფავორიტად რუსი იყო შერაცხული და ჩხუბს ყველანი დიდი ემოციებით ველოდით. მერაბმა დაამტკიცა, რომ იმაზე გაცილებით მაგარი "მანქანაა", ვიდრე ძალიან ბევრს ჰგონია და ბრძოლის მერეც, როგორც სჩვევია, სწორი მესიჯები გაავრცელა.

📋 | მერაბ დვალიშვილის ჩხუბი იანთან და ბრძოლის გამოხმაურება ნახეთ აქ.

შერმადინი | ყველა დროის საუკეთესო შედეგი ესპანეთში

შაბათს, ხუვენტუდთან მატჩის დაწყების წინ, გიორგი შერმადინს იანვრის თვის საუკეთესოს კალათბურთელის ტიტული გადასცეს, რითიც ის ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო შედეგის მფლობელი გახდა. გიორგიმ მეთერთმეტედ მოიპოვა თვის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი და ტანოკა ბერდს გადაასწრო. შერმადინი კარმელო კაბრერამ დააჯილდოვა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის 10-გზის გამარჯვებულია.

მამარდა | ჩვენი მეკარე იუვეში უკვე რეალურია

ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ტურინის იუვენტუსის ინტერესის სფეროშია და ეს ყველამ იცის. სიახლე ისაა, რომ იტალიური კლუბი ეცდება, მისი ტრანსფერი მომავალ ზაფხულს განახორციელოს. როგორც Elgoldigital წერს, იუვეს მამარდაშვილი პოლონელი ვოიცეხ შჩესნის შემცვლელად სურს და მზადაა, ქართველის სანაცვლოდ 35 მილიონ ევრომდე გადაიხადოს.

📋 | ვრცლად მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ წაიკითხეთ აქ.

მამუ | რა თქვა გრეგ პოპოვიჩმა სანდროზე

გრეგ პოპოვიჩი ისეთი ფენომენია, შენზე, როგორც კალათბურთელზე ერთი სიტყვაც რომ თქვას, უკვე სხვა დონეზე ხარ. შაბათს დილით, სანდრო მამუკელაშვილს სან ანტონიოს ფორმით აქამდე ყველაზე კარგი მატჩი ჰქონდა - დენვერთან 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მატჩის შემდეგ კი მთავარმა მწვრთნელმა მასზე ისაუბრა. "ნიჭიერი ბიჭია და მოგვწონს მისი თამაში." - ასე დაიწყო გრეგ პოპოვიჩმა მამუკელაშვილზე ლაპარაკი.

📋 | პოპოვიჩის კომენტარი და მამუს თამაშის მომენტები ნახეთ აქ.

ფარიკაობა | ბაზაძის სწორი კრიტიკა FIE-ს

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მისი ეგიდით გასამართ საერთაშორისო ტურნირებში დაუშვა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. FIE-ს გადაწყვეტილებას სწრაფად გამოეხმაურა ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელმაც ორგანიზაცია გააკრიტიკა და უკრაინელ მოფარიკავეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

📋 | სანდრო ბაზაძის კომენტარი წაიკითხეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები