Thumbnail
  • სან ანტონიო სპურსი 90:102 ოკლაჰომა სიტი თანდერი
  • სანდრო მამუკელაშვილმა 6 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა

დენვერთან 11 ქულის და 4 მოხსნის შემდეგ, სან ანტონიოს ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა სპურსის ახალწვეული ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი შეაქო და იმ მატჩში მთელი სან ანტონიო იმსახურებდა ქებას, რადგან კონფერენციის ლიდერი დაამარცხეს. ორშაბათს გამთენიისას კი პოპოვიჩის გუნდი ოკლაჰომასთან 90:102 დამარცხდა.

მამუკელაშვილმა ამჯერად 16:38 წუთი ითამაშა და ამ დროში 6 ქულას მოუყარა თავი. ქართველმა კალათბურთელმა 6 სროლიდან 1 ჩააგდო (სამქულიანები: 0/3; საჯარიმო: 4/6). ამავდროულად, მამუს 7 მოხსნა ჰქონდა (6 დაცვაში, 1 შეტევაში), ასისტი არ გაუკეთებია, 1 დაფარება შეასრულა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი, ხოლო +/- კოეფიციენტი კი -13 გამოუვიდა. 

ამ გამარჯვებით ოკლაჰომა Play-In-ზონაში დარჩა (მე-9 ადგილზეა). აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა სან ანტონიოსთან თავს იმის უფლება მისცეს, რომ ლიდერი შეი გილჯეს-ალექსანდერი დაესვენებინათ. რაკი ნიუ იორკ ნიქსმა ლეიკერსი დაამარცხა და ნიუ ორლეანს პელიკანსმაც მოიგო, ახლა ერთბაშად 4 გუნდს აქვს ერთნაირი ბალანსი მე-9 ადგილიდან მე-12 ადგილის ჩათვლით. ოკლაჰომა სიტი თანდერიც მათ შორისაა.

“კარგია, როცა შეის გარეშეც ვიგებთ,” - განაცხადა ჯეილენ უილიამსმა სან ანტონიოსთან მოგების შემდეგ, - “ეს ამტკიცებს, რომ სწორად ვთამაშობთ და მაგრად ვიბრძვით.”

უილიამსი 21 ქულით, 10 ასისტითა და 7 მოხსნით ოკლაჰომას რიგებში საუკეთესო გახლდათ. უსმანე დიენგმა 17 ქულის სახით კარიერის საუკეთესო შედეგი დადო, ჯოშ გიდი კი თანაგუნდელებს 15 ქულით, 11 მოხსნით და 5 ასისტით დაეხმარა.

სამქულიანების მაჩვენებელი ორივე გუნდს 30 პროცენტზე დაბალი ჰქონდა, ზოგადად სროლებისა კი - 40 პროცენტზე დაბალი. თუმცა სან ანტონიოს 19 დაკარგვა დაუგროვდა, OKC-ს კი - მხოლოდ 9. სწორედ ეს განსხვავება იყო საბოლოო ჯამში გადამწყვეტი.

კომენტარები

ბოლო ამბები