Thumbnail

დოჰიოზე მყარად ვერ დგას - ტოჩინოშინმა ოსაკაში მეორე ბრძოლა წააგო

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ქართველი სუმოისტისთვის მეორე საშეჯიბრი დღეც წარუმატებელი გამოდგა
  • ტოჩინოშინი იაპონელ მეტოქესთან უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა

35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, ჰარუ ბაშოზე მეორე ბრძოლა გამართა. სამწუხაროდ, ქართველი გოლიათისთვის მეორე საშეჯიბრო დღეც წარუმატებელი აღმოჩნდა, იგი 24 წლის იაპონელ სეკიტორისთან შონანოუმთან უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. 

ტოჩიმ საწყისი შეჯახების დროს აქცენტი მავაშის აღებაზე გააკეთა, მაგრამ მეტოქემ ტაჩიაის შემდეგ თავად შეძლო მავაშის აღება და ტოჩინოშინი დოჰიოს დაანარცხა. იგრძნობა, რომ ქართველ სუმოისტს ტრავმები ხელს ძალიან უშლის და დოჰიოზე მყარად ვერ დგას - იანვრის ბაშოზე მიღებულ მხრის დაზიანებას, ქრონიკული მარჯვენა მუხლის ტრავმა დაემატა, მაგრამ მებრძოლი ხასიათით გამორჩეულმა ქართველმა რიკიშმა ოსაკაში ასპარეზობაზე უარი მაინც არ თქვა.  

ამგვარად, მეორე საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩინოშინი ისევ მოგების გარეშეა. მისი ხვალინდელი მეტოქე აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ჩიოშომა იქნება, ამ ბრძოლას ტოჩი მაკუუჩი დივიზიონში ჩაატარებს. 

შეგახსენებთ, ლევან გორგაძემ იანვრის ბაშო ტრავმის გამო სრულად ვერ ჩაატარა, რის გამოც სუმოს რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში დაქვეითდა (2014 წლის შემდეგ პირველად). იმისთვის, რომ ქართველი სუმოისტი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდეს, დადებითი ბალანსი უნდა დააფიქსიროს (მინიმუმ 8 მოგება).

 

კომენტარები

ბოლო ამბები