Thumbnail

უსიკი და ფიური, როგორც იქნა, შეთანხმდნენ! დიდ ბრძოლას ვნახავთ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტაისონ ფიური და ოლეკსანდრ უსიკი შეთანხმდნენ
  • ისტორიული ბრძოლა აპრილის ბოლოს გაიმართება

კრივის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ბრძოლას წინ უკვე ვეღარაფერი დაუდგება!

მძიმე წონის დაუმარცხებელი ჩემპიონების, ტაისონ ფიურის (34 წლის/WBC) და ოლეკსანდრ უსიკის (35/WBA, WBO და IBF) მეგა-დუელი, როგორც იქნა, გადაწყვეტილია. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, კრივის სუპერვარსკვლავები ერთმანეთის წინააღმდეგ 29 აპრილს, ლონდონში, “უემბლიზე” წარდგებიან.

მოლაპარაკებები რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ბოლოს ყველაზე მეტი ბრძოლის საპრიზო ფონდის განაწილებაზე იდავეს, ახლა კი, შეთანხმდნენ. არადა, ჯერ კიდევ პარასკევს ბრძოლას ჩაშლის საფრთხე ემუქრებოდა. WBA-ს ყელში ჰქონდა ამოსული ამდენი მითქმა-მოთქმა, უფრო კი ფიურის მოთხოვნები. შესაბამისად, WBA, რომლის ჩემპიონი უსიკია, პარასკევს საღამომდე საბოლოო გადაწყვეტილებას ითხოვდა.

ულტიმატუმის შემდეგ, ფიურიმ უსიკს საბოლოო შეთავაზებით მიმართა, რომელიც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა: “უსიკ, შენ და შენი გუნდი მხოლოდ 30 პროცენტი ღირხართ. ან აიღე, ან შემეშვი.”

უკრაინელმა ძალიან სწრაფად უპასუხა: “ვიღებ შენს შემოთავაზებას. იყოს 70:30. მაგრამ შენ უნდა შემპირდე, რომ ბრძოლის დასრულებისთანავე უკრაინას ერთ მილიონ ფუნტს გადაურიცხავ. ყოველი დღის გადაცილების შემთხვევაში, შემოსავლის 1 პროცენტს დაამატებ და უკრაინელ ხალხს გადაუხდი. შევთანხმდით?”

ოლეკსანდრ უსიკი და ტაისონ ფიური

მერე WBA-მ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა: “პრეზიდენტმა მენდოსამ ოლეკსანდრ უსიკისგან და ტაისონ ფიურისგან თანხმობა მიიღო, რომ შეთანხმდნენ. ახლა ითხოვეს დრო, რომ კონტრაქტი მოამზადონ.”

ფიურის ადვოკატმა დაადასტურა, რომ საპრიზო ფონდის 70 პროცენტს ფიური აიღებს, უსიკს კი “მხოლოდ” 30% ერგება. ტაისონ ფიურიმ მანამდე ჯერ 50:50 განაწილებაზე თქვა უარი, მერე კი 60:40-ზეც. 

რაც მთავარია, შეთანხმდნენ და ამ ბრძოლას ვნახავთ!

Disable checkingPremium suggestions

კომენტარები

ბოლო ამბები