- ცოტა ხნის წინ ქართველი ფრენბურთელი ჩემპიონთა ლიგის MVP გახდა
- ანა კალანდაძეს პოლონეთში დავუკავშირდით და მნიშვნელოვან თემებზე ვესაუბრეთ
ფრენბურთზე აქამდე იშვიათად ვწერდით და როგორც ჩანს, ახლა უფრო ხშირად მოგვიწევს. სიამოვნებით!
ეს ანა კალანდაძის დამსახურებაა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ მოიცვა ქართული სპორტის სამყარო - როცა ფრენბურთის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის MVP გახდა. მან თავის პოლონურ კლუბ "დოლინა ჟეშუვს" ჯგუფურ ეტაპზე 95 ქულა მოუტანა, საიდანაც 11 ეისით და 8 ბლოკით დააგროვა.
24 წლის კალანდაძე "დოლინა ჟეშუვის" ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. ჩვენ მას პოლონეთში დავუკავშირდით და საუბარი სწორედ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზით დავიწყეთ.
"ეს ძალიან დიდი სახელია და ბევრს ნიშნავს არა მარტო ჩემთვის, არამედ საქართველოსთვისაც, - ამბობს ანა კალანდაძე, - "ქართველი ხალხის ასეთი თანადგომა ძალიან სასიამოვნო იყო. ერთი სიტყვით, ყველანაირად მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან ძალიან პრესტიჟული ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მივიღე".
მისი კლუბი "დოლინა ჟეშუვი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია გასული. პოლონურმა გუნდმა ანას ლიდერობით ფრანგული ლე კანე დრამატულ ბრძოლაში, ოქროს სეტის წყალობით დაამარცხა.
"ლე კანესთან პირველი თამაში ძალიან ცუდად ჩავატარეთ, შემდეგ პოლონეთის ჩემპიონატშიც ცუდი შეხვედრა გვქონდა. ამიტომ, მენტალური განწყობა კარგი არ იყო, მაგრამ ამჯერად ძალიან გუნდურად ვითამაშეთ, ჩვენი მაქსიმუმი გავიღეთ. ველოდით კარგ თამაშს და მიხარია, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით. ცუდი მენტალური მდგომარეობიდან გამოსასვლელად ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მეოთხედფინალში ვართ, სადაც ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს და ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ". - ამბობს ანა.
კალანდაძის გუნდმა მეოთხედფინალში, თურქულ ეშაჩიბასთან პირველი მატჩი სამშაბათს, 1:3 წააგო (საპასუხო შეხვედრა 23 მარტს გაიმართება).

კალანდაძე პოლონეთში 2020 წლიდან თამაშობს. "დოლინა ჟეშუვამდე" იყო "ლოძი", კიდევ უფრო ადრე საბერძნეთისა და თურქეთის ჩემპიონატებში გამოდიოდა. თვითონ ფიქრობს, რომ პოლონეთის ჩემპიონატი მისთვის ყველაზე კარგია: "ჩემს კარიერაში პოლონეთი საუკეთესო ჩემპიონატია. ყველაზე დიდი ნაბიჯები ამ გუნდში გადავდგი, რადგან აქ ყველაზე დიდი კონკურენციაა. ძალიან კარგი მწვრთნელიც მყავს, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. სტეფან ანტიგა ფრენბურთის სამყაროში ძალიან ცნობილი ადამიანია, თვითონაც ძალიან კარგი მოთამაშე იყო".
'ხელბურთელობაც მინდოდა, მაგრამ ფრენბურთი გადავწყვიტე, რადგან სპორტის ეს სახეობა უფრო შემიყვარდა'
ანა კალანდაძე სპორტულ ოჯახში გაიზარდა. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ ის ძალიან ცნობილი ექს-ხელბურთელის, საქართველოს ხელბურთის ნაკრების ყოფილი ლიდერის, ტიტე კალანდაძის შვილია. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ანამაც სპორტი აირჩია, მაგრამ მაინც: რატომ ფრენბურთი?
აი რა გვითხრა თვითონ: "ფრენბურთი მშობლებმა შემირჩიეს. თავიდანვე ვიცოდი, რომ სპორტსმენი ვიქნებოდი და ეს ჩემმა მშობლებმაც იცოდნენ. ამიტომ, თავიდანვე დაიწყეს ზრუნვა იმაზე, თუ რომელი სპორტი უნდა მეთამაშა. საბოლოოდ, ფრენბურთზე შემიყვანეს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ჩემზე იყო, არაფერი დაუძალებიათ. ხელბურთიც ძალიან მიყვარდა და მინდოდა ხელბურთელობა, მაგრამ მაინც ფრენბურთი გადავწყვიტე, რადგან სპორტის ეს სახეობა უფრო შემიყვარდა".

ქართველი ფრენბურთელი დიდი ხანია საზღვარგარეთ თამაშობს. როგორი იყო ეს წლები და როგორ დაძლია სირთულეები? ანა გვიყვება: "ჩემი ოჯახი ამისთვის პატარაობიდან მამზადებდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ფრენბურთი და ზოგადად, ქალების სპორტი არ არის განვითარებული. თავიდანვე ვიცოდი, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება მომიწევდა. 16 წლის ვიყავი, როცა წავედი. მიუხედავად ამ მზადებისა, რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან მოვწყდი ჩემს ცხოვრებას, მეგობრებს, ოჯახს. საერთოდ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მაგრამ ოჯახის თანადგომით და ჩემი პირადი მიზანდასახულობით ყველაფერი გადავლახე. ბევრი წინააღმდეგობა იყო იმის გამოც, რომ იქ უცხოელი ვიყავი - 10-ჯერ უფრო მეტად გიწევს ყველაფრის მტკიცება. მომავალზე ვფიქრობდი და ვიცოდი, რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმა ღირდა იმად, რის გამოც ვიბრძოდი. დღემდე ასეა: როცა რთული მომენტები მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, რომ მენტალურად არ დავეცე და მომავალზე ვიფიქრო".
'ჩემს ბავშვობაში ყოველთვის გვაკლდა ის, რომ სპორტის ამ სახეობაში მაგალითი არ გვყავდა. ამიტომაც მინდა, რომ მომავალი თაობისთვის ფრენბურთში მაგალითი ვიყო.'
საქართველოში ფრენბურთს საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. რა არის საჭირო საიმისოდ, რომ სპორტის ეს ულამაზესი სახეობა უფრო განვითარდეს და სხვა სიმაღლეზე ავიდეს? ანამ გვითხრა, რომ მთავარი ფინანსები და პოპულარიზაციაა. ამბობს, რომ სურს, მომავალი თაობისთვის ამ სპორტში მაგალითის მიმცემი იყოს, რადგან მას კარიერის სტარტზე არავინ ჰყავდა, ვისაც ფრენბურთში მიბაძავდა.
კალანდაძე: "სამწუხაროდ, საქართველოში ფრენბურთის კულტურა არ არის. არ არის ფინანსური საშუალება, რომ საკმარისი ყურადღება მიექცეს ამ სპორტს. განვითარებისთვის დიდი ინვესტიციაა საჭირო. ბოლო დროს ცოტა უფრო პოპულარული გახდა, ცოტა უფრო გაიცნო ხალხმა. ჩემს ბავშვობაში ყოველთვის გვაკლდა ის, რომ ამ სპორტში მაგალითი არ გვყავდა. ამიტომაც მინდა, რომ მომავალი თაობისთვის ფრენბურთში მაგალითი ვიყო. იქნებ გამოჩნდნენ ნიჭიერი ბავშვები, შემდეგ კი, არჩევანი რომ იქნება, 12 მოთამაშე მაინც შევკრიბოთ, რომ ნაკრები უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, რომ რაღაც შედეგი მაინც დავდოთ. ამას ფინანსები, პოპულარიზაცია, დრო და საკმაოდ ბევრი რამ სჭირდება".
კარგი სეზონის ფონზე ბუნებრივია, კალანდაძის მიმართ სხვადასხვა კლუბების ინტერესები იზრდება. "საკმაოდ კარგი სეზონი მაქვს და შეთავაზებებიც მივიღე. გადაწყვეტილებების მიღება ადვილი არ არის, თუმცა ახლა სადაც ვარ, ჩემთვის იდეალური ადგილია, რადგან ძალიან ბევრი თამაში გვაქვს, კარგი მწვრთნელი გვყავს და ჩემი განვითარებისთვის საუკეთესო ადგილზე ვარ. ვფიქრობ, ახლა სხვა ქვეყანასა და გუნდში რომ წავიდე, იქ დამკვიდრებისთვის ბრძოლა მიმიწევს ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოსაკიდებლად. აქ დარჩენის დიდი შანსი არსებობს, თუ პირობებზე შევთანხმდებით".

დამაინც, რომელ გუნდსა და ჩემპიონატში ისურვებდა თამაშს? კალანდაძე: "ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატები თურქეთსა და იტალიაშია. ამიტომ, კარიერის მომდევნო წლებში სწორედ ამ ქვეყნებში თამაშს ვუმიზნებ. ჩემპიონთა ლიგაშიც ტიტულებისთვის რომ ვიბრძოლო, თურქული და იტალიური კლუბებია საუკეთესო".
როგორია ანა კალანდაძის დღის რუტინა პოლონეთში? გვითხრა, რომ საკმაოდ მოსაწყენი და დამღლელიც: "ჩემი ერთი დღე ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეიძლება ძალიან მოსაწყენი იყოს. დილას ვარჯიში გვაქვს. მერე ვიდეოების მეშვეობით თამაშს ვარჩევთ. ძირითადად ან დარბაზში ვარ ან სახლში, სადაც ვისვენებ. ყოველ მეორე დღეს გვაქვს ორჯერადი ვარჯიშები. თავისუფალ დროს ძირითადად სახლში ვატარებ, რადგან ვარჯიშები ძალიან დამღლელია და დასვენება მჭირდება".
ართული ფრენბურთის 24 წლის ვარსკვლავს სხვა სპორტის სახეობებიც უყვარს. ბუნებრივია ხელბურთი, მაგრამ ასევე კალათბურთი და ფორმულა 1: "ძალიან მიყვარს ხელბურთი. თავისუფალ დროს ვუყურებ ჩოგბურთს, ასევე მიყვარს ფორმულა 1. კალათბურთიც მიყვარს, მაგრამ NBA-ს თამაშებს დროის სხვაობის გამო ვერ ვუყურებ, მე კი თამაშების ლაივში ყურება მიყვარს. ფეხბურთს რეგულარულად არ ვუყურებ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს".
ანა კალანდაძე კარიერის განმავლობაში პოლონური ლოძის, ბერძნულ მარკოპულოს, თურქული სამსუნსპორისა და ასევე თურქული ანკარაშის ღირსებასაც იცავდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის MVP-ის გამოკითხვაში ანამ მთლიანობაში 23 221 ხმა მიიღო (41%), რის შედეგადაც რუს ვიტა აკიმოვას, შვედ ისაბელ ჰააკსა და ამერიკელ ჯორდან ტომპსონს აჯობა.
კომენტარები