Thumbnail

ინძაგი უმძიმესი წნეხის ქვეშ - ინტერში გერმანელ მწვრთნელზე ფიქრობენ

  • მილანის ინტერი 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში პორტუს ესტუმრება
  • პირველი თამაში ინტერმა ‘ჯუზეპე მეაცაზე’ 1:0 მოიგო
  • “გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ ინძაგის გათავისუფლების საფრთხე ემუქრება

მეოთხედფინალი ან სამსახურის დაკარგვა - მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი 1:0 მოიგო, მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი პორტუსთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო თამაშის (სამშაბათს, 23:55-დან) წინ უმძიმესი წნეხის ქვეშაა.

პარასკევს ინტერი სპეციასთან დამარცხდა (1:2) და “ნერაძურის” ტოფოზებმა მატჩის მიწურულს სტვენა რომ დაიწყეს, მანამდე არ გაჩერდნენ, სანამ ინძაგი კატაკომბებში არ გაუჩინარდა. ინტერისთვის ეს ამ სეზონში სერია A-ში მე-8 მარცხი გახლდათ - მართალია, გუნდი მეორე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ ნაპოლის მთელი 18 ქულით ჩამორჩება. ბოლო სამ ტურში ინტერმა იტალიის ჩემპიონატში მეორედ წააგო (მანამდე ბოლონიასთან) და რაკი ერთი კვირის წინ ნაპოლიც დამარცხდა (ლაციოსთან), გამოდის, რომ ინძაგის გუნდმა ლიდერთან მიახლოვების შანსი ხელიდან გაუშვა.

'პორტუსთან მატჩის წინა ღამეს მშვიდად ნამდვილად არ დაგვეძინება, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი' - სიმონე ინძაგი

“გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ სპეციასთან მარცხის შემდეგ ინძაგი უმძიმესი წნეხის ქვეშაა და რომ მის შემცვლელად კლუბის ხელმძღვანელები უკვე განიხილავენ გერმანელი თომას ტუხელის კანდიდატურას.

“პორტუსთან მატჩის წინა ღამეს მშვიდად ნამდვილად არ დაგვეძინება, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ამ სეზონში სტუმრად კარგი შედეგი არაერთხელ გვაქვს დაფიქსირებული. მაგალითად, ბარსელონაში 3:3 ვითამაშეთ. მოკლედ, ჩვენთვის გასაგებია, რომ თუ მეოთხედფინალში გასვლა გვინდა, პორტუგალიაში კარგად უნდა ვითამაშოთ,” - განაცხადა ინძაგიმ პორტუგალიაში გამგზავრებამდე.

ინტერის მთავარი პრობლემა გასვლით შეხვედრებში დაცვის ხაზია. სერია A-ში “ნერაძურის” სტუმრად 13 მატჩში 24 ბურთი აქვს მიღებული. “სან სიროს მიღმა დაფიქსირებული შედეგებით ბედნიერები არ ვართ. შარშან ასე არ იყო.” - ესეც ინძაგის სიტყვებია.

თავის მხრივ, პორტუ ყველაფერს გააკეთებს, რომ ბოლო 5 წელიწადში მესამედ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. თანაც, პორტუგალიის ჩემპიონს უახლოეს წარსულში იტალიურ კლუბებთან საუკეთესო მოგონებები აქვს: 4 წლის წინ, პორტუმ მერვედინალში, “დრაგაოზე” რომასთან 1:2 ჩამორჩენა შეატრიალა, 2 წლის წინ კი, ასევე მერვედფინალში იუვენტუსი გააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები