Thumbnail

19 მარტს ბორჯღალოსნები პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას ერკინებიან და თასის მე-15-ედ მოპოვებას ეცდებიან. მოახლოებული თამაშის შესახებ ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა.

“ფინალს თავისი სპეციფიკა გააჩნია, რაც მას დაძაბულობას მატებს. აქ ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს და მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. გასათვალისწინებელია ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორები, როგორიცაა ამინდი, მაყურებელი, მსაჯობა და ა.შ. ჩვენი ვალდებულებაც ისაა, რომ თამაში ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოვიგოთ. მართალია, პორტუგალიას მსოფლიო თასზეც ვეთამაშებით, მაგრამ იქამდე დიდი დროა. თანაც ეს სატიტულო მატჩია და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. მნიშვნელოვანია, რომ მათაც და ჩვენც დავინახოთ სად არის ქართული რაგბი და სად არიან ისინი. ამ თამაშით პორტუგალიას მსოფლიო თასზე ჩვენთან წარმატების მიღწევის ყველანაირი იმედი უნდა მოვუსპოთ.

ტრადიციულად, პორტუგალიას სწრაფი, ინდივიდუალისტი ხაზის მოთამაშეები ყავს, რომლებსაც შანსს თუ მისცემ აუცილებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა, ეს გუნდი ტაქტიკურად სწორად თამაშობს და ყოვეთვის ბოლომდე იბრძვის. ბოლო წლებში პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენ მონაწილეებთან შედარებით ძლიერად გამოიყურება. როგორც იცით, ფინალი ესპანეთში, კერძოდ კი, ბადახოსშია დაგეგმილი, რომელიც ლისაბონთან უფრო ახლოსაა, ვიდრე – მადრიდთან და პორტუგალია, ფაქტობრივად, საკუთარ მოედანზე ითამაშებს, რაც ასევე გასათვალისწინებელი მომენტია.

თუმცა, ესპანეთში გულშემატკივრების ნაკლებობას არც ჩვენ ვუჩივით. ტორელავეგაში, ესპანეთთან მატჩზე, ქართველები სხვადასხვა ქალაქებიდან ავტობუსებით ჩამოვიდნენ. ახლაც ველით, რომ მათგან მხარდაჭერა არ დაგვაკლდება. პორტუგალია რაგბი ევროპაზე ყველაზე ღირსეული და ძლიერი მოწინააღმდეგეა. ჩვენ მათთან თამაშისთვის მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ და ვეცდებით, გულშემატკივრებს მათგან მიღებული ემოცია ჩვენი თამაშით ორმაგად დავუბრუნოთ“.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებისა და ლობუშის დაპირისპირება 19 მარტს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი მორაგბეები საჩემიონო თასს მეთხუთმეტედ შემართავენ. საინტერესოა ისიც, რომ ბორჯღალოსნებს ტურნირის ისტორიაში 117-დან 99 მატჩი აქვთ მოგებული, ამდენად, კიდევ ერთი გამარჯვება საიუბილეო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები