Thumbnail

საქართველო სარეკორდო ნიშნულს უმიზნებს - ცვლილელები სარაგბო რეიტინგში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 19 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილზე გადაინაცვლებს.

ცნობისთვის, ბორჯღალოსნებს აღნიშნული პოზიცია 2016 წელსაც ეკავათ, მას მერე მცირე უკუსვლა განიცადეს, ახლა კი, ჩინებული შანსი აქვთ, ათეულს ისევ მიუახლოვდნენ.

მსოფლიო რაგბიმ ახალი კლასიფიკაცია დღეს გამოაქვეყნა და ქართველ მორაგბეებს 75.94 ქულით ისევ მე-12 პოზიცია უკავიათ, უახლოესი მდევარი კი, უკვე ფიჯია (74.84) და არა იტალია, რომელიც 6 ერის გასულ ტურში უელსთან დამარცხდა და 74.63 ქულით მე-14 ადგილამდე დაქვეითდა.

აღიშნული წარმატების წყალობით, რეიტინგში 78.08 ქულა მოაგროვა და მე-9 საფეხურზე აინაცვლა უელსმა, იაპონიას კი 77.39 ქულა შერჩა და მოწინავე ათეულს აგვირგვინებს.

როგორც აღვნიშნეთ, მომავალ უქმეებზე საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდება და მცირე სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში 0.20 ქულას შეიმატებს, ხოლო 16 და მეტი ქულით მოგება 0.30 ქულას შეგვმატებს. ორივე შემთხვევაში, ბორჯღალოსნები მე-11 ადგილიდან დააქვეითებენ სამოას, რომელსაც ამჟამად 76.03 ქულა გააჩნია. 

19-20 მარტის შემდეგ, მსოფლიო რაგბის რეიტინგში სხვა ცვლილებებსაც უნდა ველოდეთ, რადგანაც არაერთი საინტერესო მატჩია დაგეგმილი. 6 ერის ბოლო ტურში ითამაშებენ შოტლანდია-იტალია, საფრანგეთი-უელსი და ირლანდია-ინგლისი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ადგილისთვის მატჩში კი ერთმანეთს ესპანეთი და რუმინეთი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები