Thumbnail
  • 📅 14 მარტი | 🏟 ეტიჰადი | ⌚ 23:55 | ⚽ მანჩესტერ სიტი V ლაიპციგი
  • პირველი მატჩი ლაიპციგში ფრედ, 1:1 დასრულდა
  • გვარდიოლას ლაიპციგი საკმაოდ რთულ მეტოქედ მიაჩნია
  • პეპმა ჰაალანდს თამაშში მეტი ჩართულობა მოსთხოვა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ლაიპციგმა ერთხელ უკვე ითამაშა “ეტიჰადზე” და ის თამაში 9-გოლიანი გამოვიდა: 2021 წლის 15 სექტემბერს სიტიმ გერმანულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 6:3 მოუგო.

“მას მერე დიდი ხანი გავიდა, ახლა სხვანაირი გუნდია და სხვა მწვრთნელი ჰყავს,” - ასე უპასუხა ხოსეპ გვარდიოლამ კითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა მორიგ სპექტაკლს სიტისა და ლაიპციგის საპასუხო მატჩში. ახლა არც პირველი ტურია, ეს მერვედფინალია, რომლის პირველი შეხვედრა გერმანიაში 1:1 დასრულდა.

მაშინ ლაიპციგს ჯესი მარში წვრთნიდა, ახლა კი მარკო როზე უდგას სათავეში. ვინც მაშინ სიტის 3 გოლი გაუტანა, ახლა ტრავმირებულია: კრისტოფერ ნკუნკუ ლაიპციგელებს ამჯერადაც ვერ დაეხმარება.

ფრანგის არყოფნა გვარდიოლასთვის ბევრს არაფერს ცვლის. პეპი ლაიპციგით პირველი თამაშის წინ და შემდეგაც აღფრთოვანებული ლაპარაკობდა და აზრი არც იმ შეხვედრის შემდეგ შეუცვლია. “ლაიპციგს ძალიან აგრესიული ფეხბურთი და პრესინგი ახასიათებს,” - თქვა 52 წლის ესპანელმა ორშაბათს, მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. დაახლოებით ასეთივე სიტყვებით აქებდა ის მეტოქეს წინა მატჩის შემდეგაც და ლაიპციგელთა სისწრაფითა და აგრესიული პრესინგით ხსნიდა იმ სიფრთხილეს, რომლის გამოც სიტი წინა მატჩის შემდეგ ბევრმა გააკრიტიკა.

“ლაიპციგს მუდმივად 8 ფეხბურთელი ჰყავს მოედნის ცენტრში და ამ დროს ორნი ფლანგებზე აბალანსებენ სიტუაციას. ამიტომაცაა მათი კონტროლი ასეთი რთული,” - ესეც გვარდიოლას სიტყვებია. ამიტომაა, რომ პეპი ლაიპციგთან მისთვის დამახასიათებელ ფეხბურთზე უარს ამბობს: “ჩვენთვის მთავარია, რომ მოვიგოთ.”

თუმცა გვარდიოლას ხელს ოდნავადაც არ უშლის ის ფაქტი, რომ ამ წყვილში სიტი უპირობო ფავორიტადაა მიჩნეული. “ეს იმას ნიშნავს და იმას მოწმობს, რომ რაღაცები სწორად გვიკეთებია.” - ამბობს პეპი და კითხვაზე, რამდენად მძიმეა წნეხი, რომ სიტიმ ბოლოს და ბოლოს ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, ასე პასუხობს: “ეს წნეხი საკმარისად მძიმე იყო იმ დღესაც, როცა მანჩესტერში პირველად ჩამოვედი. ჟურნალისტებმა პირველი მაშინაც ეგ მკითხეს, ჩემპიონთა ლიგას მოიგებ თუ არაო. ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, მაგრამ ვიცი, რომ აქ ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის თასით იზომება.”

პეპს ერლინგ ჰაალანდზეც ჰკითხეს. “ერლინგი უკეთ უნდა ინტეგრირდეს გუნდის თამაშში. მე არ მომწონს, როცა ერთი ფეხბურთელი მხოლოდ საჯარიმოშია, გოლები რომ გაიტანოს. ის მეტად უნდა ჩაერთოს თამაშში და აქტიური უნდა იყოს,” - თქვა გვარდიოლამ 22 წლის ნორვეგიელზე, რომელსაც 35 ოფიციალურ მატჩში 34 გოლი აქვს და დაამატა: “პროგრესი აქვს, მაგრამ შეუძლია, კიდევ უფრო უკეთესი გახდეს.”

საინტერესო ფაქტები

🟠 მანჩესტერ სიტი ფავორიტია და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას ზედიზედ მეექვსედ ეცდება.

🟠 პირველი მატჩი, რომელიც ლაიპციგში გამართა, 1:1 დასრულდა. მას შემდეგ სიტიმ ყველა ტურნირზე ზედიზედ 4 თამაში მოიგო და ძალიან კარგ ფორმაშია.

🟠 ბოლო 4 ოფიციალურ მატჩში სიტიმ ჯამში 10 გოლი გაიტანა.

🟠 წინა მატჩის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლამ თქვა, რომ კმაყოფილი იყო მიღწეული 1:1-ით. პეპი საპასუხო მატჩის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამის საფუძველიც აქვს, რადგან უეფას ტურნირებზე მის გუნდს საშინაო მატჩებში გერმანულ კლუბებთან 9-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. მათ შორისაა ლაიპციგთან 9-გოლიანი მატჩიც, რომელიც სიტიმ 6:3 მოიგო (2021/2022 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე).

🟠 ლაიპციგი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბოლოს 2020/2021 წლების სეზონში იყო, როცა ლივერპულთან ორივე თამაში წააგო (0:2, 0:2) და იმავე სეზონში, ჯგუფში მანჩესტერ იუნაიტედთან ითამაშა და “ოლდ ტრაფორდზე” 0:5 განადგურდა.

🟠 ევროტურნირებზე ლაიპციგის ბოლო 16 გასვლით თამაშში (ნეიტრალური სტადიონების ჩათვლით) ძირითად დროშივე გამოვლინდა გამარჯვებული.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (3-2-4-1): ედერსონი - სტოუნსი, რუბენ დიაში, აკე - როდრიგო, ბერნარდო სილვა - ფოდენი, დე ბრუინი, გიუნდოგანი, გრილიში - ჰაალანდი.

ლაიპციგი (4-2-3-1): ბლასვიხი - ჰენრიხსი, ორბანი, გვარდიოლი, ჰალსტენბერგი - ლაიმერი, კამპლი - სობოსლაი, ფორსბერგი, ვერნერი - სილვა.
ტრავმა: დიალო, გულაჩი, ნკუნკუ, შლაგერი

კომენტარები

ბოლო ამბები