- ოქროს მედლებისთვის გიორგი შოთაძე და გიორგი ცოფურაშვილი იბრძოლებენ
- კვარცხლბეკზე ასვლის შანსი აქვს ხვიჩა ანანიძესაც
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაწყებულ ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფინალში გასვლა ორმა ქართველმა ფალავანმა მოახერხა, ერთიც კი ასპარეზობას რეპეშაჟში აგრძელებს.
დღეს ხალიჩაზე 5 წონით კატეგორიის წარმომადგენლები გავიდნენ და მარცხის გარეშე ჭიდაობა გიორგი შოთაძემა (63 კგ.) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ.) მოახერხეს.
შოთაძემ, რომელიც მოქმედი ევროპის ჩემპიონია, გზიდან პოლონელი მაირბეკ სალიმოვი (9:0) და თურქი ისმაილ კულფა (6:3) ჩამოიცილა, ფინალში კი, რომელიც ხვალ შედგება, ფინელ ტინო ტაპიო ოიალას შეერკინება.
შარშანდელ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ცოფურაშვილი, რომელმაც ჩეხი მარსელ ალბინი (5:0) და სომეხი ალბერტ ვარდანიანი (6:0) დაჯაბნა, ფინალში კი, უკრაინელ მიხაილო ვიშნივეცკი ელის.
ბრინჯაოსთვის ბრძოლას აგრძელებს ხვიჩა ანანიძე (77 კგ.), რომელმაც რუმინელი იულიან ვასილე ლუნგუ დაამარცხა (7:1), მეოთხედფინალში მოლდოველ ალექსანდრინ გუტუსთან წააგო (0:9) და ვინაიდან ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ქართველი ფალავანი რეპეშაჟში აღმოჩნდა. ხვალ, ანანიძე ჩეხ მიხალ ზელენკას შეხვდება და თუკი იმარჯვა, ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ დენი ნაკაევს შეხვდება.
დღესვე ევროპის ჩემპიონატზე ძალები გიორგი თოხაძემა (55 კგ.) და აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ.) სცადეს, თუმცა, ტურნირს გამოეთიშნენ.
ხვალ, ტურნირში დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლებიც ჩაებმებიან და ხალიჩაზე დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ.), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ.), საბა მამალაძე (82 კგ.) და ლაშა ტვილდიანიც (97 კგ.) გავლენ.
კომენტარები