Thumbnail

სუმო | ტოჩინოშინი ერთი დღით მაკუუჩიში დააბრუნეს და იქაც წააგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 35 წლის ტოჩინოშინი მონღოლ ჩიიოშომასთან იორიკირით დამარცხდა
  • ქართველი სუმოისტი ოსაკაში ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია

35 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე ძალიან სუსტად ასპარეზობს. ჰარუ ბაშოზე უკვე 3 დღე მიილია, ქართველი სეკიტორი კი ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ ბოლოდროინდელი წარუმატებელი გამოსვლის გამო, ტოჩინოშინი მორიგ ტურნირს რანგით მე-2 ჯურიოს დივიზიონში შეხვდა, თუმცა, დღეს, გამონაკლისის სახით, ისევ ელიტარულ მაკუუჩიში ასპარეზობის უფლება მიეცა.

ვეტერანი ქართველი სუმოისტი ამჯერად აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ჩიიოშომას გაეჯიბრა და იორიკირით წააგო, ამასთან, 31 წლის მონღოლს ურთიერთშეხვედრებში უკვე 4:6 ჩამორჩა.

ცნობილია, რომ ხვალ ტოჩინოშინი ისევ ჯურიოს დაუბრუნდება და კარიერაში პირველად დაუპირისპირდება დასავლეთის პირველ ნომერ ტოჰაკურიუს, რომელსაც ოსაკაში ასევე უარყოფითი ბალანსი (1-2) აქვს.

თავად ქართველი სუმოისტი ჯურიოში დასავლეთის მე-2 ნომროს სტატუსით ირჯება და 9 მოგების შემთხვევაში, მაკუუჩი დივიზიონს გარანტირებულად დაუბრუნდება, თუმცა, შესაძლოა, მიზნის მისაღწევად მინიმალური კაჩი-კოშიც (დადებითი ბალანსი, 8-7) ეყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები