Thumbnail

რუსმა მებრძოლმა ანატოლი მალიხინმა, რომელსაც მერაბ დვალიშვილთან სანაძლეო აქვს წაგებული, ილაპარაკა მიზეზზე, რის გამოც ქართველ მებრძოლს თანხას აქამდე არ ურიცხავს. 

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი ალჯამეინ სტერლინგის მეგობარია, მალიხინი კი - პიოტრ იანის და გასული წლის აპრილში მერაბი და ანატოლი თავიანთი მეგობრების დაპირისპირების წინ დანაძლევდნენ. თუ ალჯო მოიგებდა, ანატოლის მერაბისთვის 50 000 დოლარი უნდა ჩაერიცხა, პიოტრის გამარჯვების შემთხვევაში კი იმავე თანხას მალიხინს დვალიშვილი გადასცემდა. სტერლინგმა ჩხუბი მოიგო, რუსს მებრძოლს კი ქართველისთვის ფული აქამდე არ ჩაურიცხავს, რის შესახებაც დვალიშვილმა რამდენჯერმა ისაუბრა.

ONE Championship-ის ჩემპიონი ანატოლი მალიხინი ამბობს, რომ დვალიშვილს თანხას მხოლოდ იმის გამო ვერ ურიცხავს, რომ ეს უკანასკნელი საბანკო მონაცემებს სრულად ვერ აწვდის.

"ოთხჯერ ჩავუგდე მას ფურცელი, რომელიც გადარიცხვისთვის უნდა შეავსოს. მან ოთხივე ჯერზე არასწორად შეავსო და ამბობს, რომ ეს საჭირო არ არის, - ყვება მალიხინი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. - ახლა მეხუთედ ვიყავი ბანკში, რათა მისთვის ფული გადამერიცხა, იქ კი მეუბნებიან, რომ ესა და ეს ინფორმაცია სჭირდებათ. კიდევ ერთხელ ვთხოვ მას: "მომაწოდე ეს ინფორმაცია, რომ გადმოგირიცხო ფული. შენთვის თანხის მოწოდებას ფიზიკურად ვერ ვახერხებ.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ის ამ ინფორმაციას არ მაწვდის. ასე რომ, მე არ ვარ წინააღმდეგი, მას ფული მივცე. უბრალოდ, გადაეცით მას, რომ მომაწოდოს, რაც საჭიროა და გავუგზავნი ფულს". 

სულ ახლახან მერაბმა ანატოლის მეგობარი თავადაც გაულახა

რუსმა მებრძოლმა მერაბზე ირონიულადაც ილაპარაკა და მინიშნება გააკეთა ცნობილ კურიოზულ შემთხვევაზე, როდესაც ქართველი მებრძოლი გაყინულ წყალში თავით გადახტა და ტრავმა მიიღო. 

"მე ნოკაუტში არ ვყოფილვარ, საღად მოაზროვნე ადამიანი ვარ და ვხვდები, რა არის საჭირო. არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა ეს ყველაფერი ყინულთან დაკავშირებული მისი თავგადასვლების ან ნოკაუტების ბრალია. ეს გასარკვევია", - ამბობს მალახინი. 
 
შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან მერაბ დვალიშვილმა მალახინის რუსი მეგობარი პიოტრ იანი რინგზე თავადაც დაამარცხა. ლას ვეგასში გამართული UFC Fight Night 221-ის მთავარი ბრძოლა, რომელიც 5 რაუნდს გაგრძელდა 32 წლის ქართველი მებრძოლის დამაჯერებელი მოგებით დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ, მერაბი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები