- საქართველოს ნაკრები აგვისტოში რუმინეთს, აშშ-სა და შოტლანდიას შეხვდება
- საქართველო სარეკორდო ნიშნულს უმიზნებს - ცვლილელები სარაგბო რეიტინგში
2023 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამ ტესტ-მატჩს გამართავს – ორს თბილისში და ერთსაც ედინბურგში.
საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, ბორჯღალოსნები 12 აგვისტოს რუმინეთს უმასპინძლებენ, 19-ში – აშშ-ს, რომელსაც უკვე 6 წელია არ შევხვედრილვართ, 26 აგვისტოს კი ტიერ 1-ის წარმომადგენელ შოტლანდიასთან გასვლითი თამაშია დაგეგმილი.
“საქართველოსთვის ზედიზედ მეექვსე მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე თვეღა დარჩა და ბორჯღალოსნები აქტიურად ემზადებიან. უკვე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ საფრანგეთში გამგზავრებამდე აგვისტოში სამ გასახურებელ თამაშს გავმართავთ. ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულოდ, პირველი ორი თამაში თბილისში გაიმართება.
საწყისი ტესტი რუმინეთთან გვაქვს, რომელიც თავად მსოფლიო თასის მონაწილეა და ეს თამაში ორივე გუნდისთვის საინტერესო იქნება. ერთი კვირის თავზე აშშ გვეწვევა, რომელსაც მსოფლიო თასზე გასასვლელად სულ ცოტა დააკლდა და საკუთარი სიძლიერის დასამტკიცებლად ორმაგად მოტივირებული ჩამოვა. მათთან დიდი ხანია აღარ გვითამაშია. განვლილ შეხვედრებს თუ გავიხსენებთ, გამარჯვებულის ბედი ხშირად დასკვნით წუთებში ირკვეოდა.
და ბოლოს, 26 აგვისტოს ედინბურგში ვერკინებით შოტლანდიას, რომელთანაც ბოლო წლებში არაერთი თამაში გვქონდა. ჩვენთვის პატივია, რომ უკვე მეორედ მსოფლიო თასის წინ, შოტლანდია დასკვნითი რეპეტიციისთვის მეტოქედ საქართველოს ირჩევს. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ საფრანგეთში გამგზავრებამდე ტიერ 1-ის წარმომადგენელთან ერთი შეხვედრა გვქონოდა და ამ მხრივ ყველაფერი კარგად დალაგდა.
ზოგადად, მსოფლიო თასის წინ ძალიან რთულია კარგი ტესტ-მატჩების მოძიება. გასულ წლებში მოსამზადებელ ეტაპზე ხშირად გვიწევდა კლუბებთან თამაში, ახლა კი მსოფლიო თასის ორ მონაწილესთან და აშშ-ს საინტერესო გუნდთან გვექნება სპარინგები. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ნაკრებს იმ გრძელ გზაზე, რასაც მსოფლიო თასისთვის მზადება ქვია“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.
გასახურებელ მატჩებში რუმინეთი ჩვენთვის ყველაზე კარგად ნაცნობი მეტოქეა. საქართველოს მასთან 25 წლის განმავლობაში 27-ჯერ უთამაშია (17 მოგება, 1 ფრე), აქედან ერთხელ 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში. აშშ-ს 2009-2017 წლებში 6-ჯერ შევხვდით და თანაბარი ბალანსი გვაქვს – 3-3 მოგება. მეტოქემ წარმატებას 2009 (დენვერში 31:13), 2012 (გლენდეილში 36:20) და 2013 (რუსთავში 25:23) წლებში მიაღწია, საქართველომ კი გამარჯვებები 2010 (თბილისში 19:17) და 2017 წლებში (ატლანტაში 21:17 და თბილისში 21:20) მოიპოვა. ხუთჯერ ვეთამაშეთ შოტლანდიას და ჯერჯერობით, “ნარშავები“ სრულ უპირატესობას ფლობენ.
საფრანგეთის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები პირველ მატჩს 9 სექტემბერს, პარიზში ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ, რის შემდეგაც ორი კვირა დაისვენებენ და 23-ში პორტუგალიას ტულუზში ერკინებიან. 30 სექტემბერს, ბორდოში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ფიჯი იქნება, ჯგუფურ ეტაპი კი, 7 ოქტომბერს, ნანტში, უელსთან თამაშით დასრულდება.
კომენტარები