Thumbnail

კლუბში პისტოლეტით ცეკვის შემდეგ - მორანტს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • მემფისის ვარსკვლავი სკანდალში დენვერთან მატჩის შემდეგ გაეხვა
  • ჯა მორანტის მოედანზე დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია

მემფისის 23 წლის ვარსკვლავი ჯა მორანტი ფლორიდაში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამაში ჩაერთვება. ინფორმაცია ESPN-ის ჟურნალისტებმა - ადრიან ვოინაროვსკიმ და ტიმ მაკმაჰონმა გაავრცელეს. მორანტი საკუთარ გუნდს უკვე 5 თამაშია, ვერ ეხმარება და მისი დაბრუნების დრო კვლავაც უცნობია. 

რა მოხდა მანამდე: 4 მარტს, დენვერთან მატჩის შემდეგ, მემფისის უკანახაზელმა ღამის კლუბში Instagram Live ჩართო, სადაც წელს ზემოთ შიშველი ცეკვავდა, ხელში კი პისტოლეტს ატრიალებდა. მართალია, მორანტმა ვიდეო სოციალური ქსელიდან მალევე წაშალა, თუმცა ფაქტს ლიგისგან მკაცრი რეაგირება მოჰყვა - კალათბურთელი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. 

მორანტმა ბოლოს დენვერის წინააღმდეგ ითამაშა

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ჯამ მალევე საჯაროდ ბოდიში მოიხადა: "სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ გუშინდელ ღამესთან დაკავშირებით. ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს, ქალაქ მემფისსა და მთლიანად ორგანიზაციას იმის გამო, რომ დავაღალატე ისინი. ვაპირებ, შვებულება ავიღო და სტრესს უკეთესად გავუმკლავდე". 

საინტერესოა, რომ მემფისის ლიდერი პისტოლეტის გამო სკანდალში აქამდეც გაეხვა. გასულ ზაფხულს, მორანტმა საკუთარ სახლთან ახლოს მოზარდს 12-ჯერ დაარტყა, შემდეგ სახლში შებრუნდა და იარაღთან ერთად დაბრუნდა. მაშინ ჯამ თავი იმით იმართლა, რომ მოზარდმა მას კალათბურთის ბურთი სახეში გაარტყა და თავს იცავდა, ხოლო ინციდენტის დროს პისტოლეტი არ გამოუყენებია. მოკლედ, მორანტი მაშინ მარტივად "გამოძვრა". 

როგორც აღვნიშნეთ, მორანტის დაბრუნების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა მემფისის მთავარ მწვრთნელს ტეილორ ჯენკინსს მიმართეს, რომელმაც კითხვას მოკლედ უპასუხა: "ჯა სრულად არის ჩართული ამ პროცესში და მზად არის ყველაფრისთვის". 

მემფის გრიზლისი დასავლეთ კონფერენციაში 41 მოგებითა და 26 მარცხით მეორე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ პლეი ოფი 15 აპრილიდან იწყება და გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში მორანტის დახმარება ძალიან დასჭირდება. ჯა ამ სეზონში საშუალოდ მატჩში 27 ქულას, 8 პასსა და 6 მოხსნას აგროვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები