- ანტონიო კასანოს აზრით, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია
- კრისტიან ვიერი ფიქრობს, ქართველი მანჩესტერში ჯორჯ ბესტის ეპოქას დააბრუნებდა
- 'მირჩევნია ჩემი საქმე ჩუმად ვაკეთო' - ხვიჩა კვარაცხელია NEW YORK TIMES-ში
იტალიურ საფეხბურთო წრეებში ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარი გრძელდება. ნაპოლის 22 წლის ქართველ ლიდერზე ამჯერად იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელებმა, ანტონიო კასანომ და კრისტიან ვიერიმ ისაუბრეს.
Bobo TV-ს ეთერში (ინტერნეტგადაცემა, რომელსაც ვიერი, კასანო, დანიელე ადანი და ნიკოლა ვენტოლა უძღვებიან - რედ) კასანომ თქვა, რომ კვარა მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია. "ფანტანტონიო" დარწმუნებულია, რომ ხვიჩა ბარსელონას სასტარტო შემადგენლობაში უპრობლემოდ მოხვდებოდა. ვიერი კი ფიქრობს, რომ მანჩესტერ იუნაიტედში კვარაცხელია ჯორჯ ბესტის დროს დააბრუნებდა:
"ჩემი აზრით, კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია. ის კინგსლი კომანზე და ჯეკ გრილიშზე ძლიერია. ბარსელონაში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი მშვიდად იქნებოდა. კვარაცხელია ფენომენალურია. მინდა, მისი სტაბილური თამაში ჩემპიონთა ლიგაშიც ვნახო. წელს ისეთი რაღაცები გვაჩვენა, რაც ყოველგვარი ლოგიკის მიღმაა, ვნახოთ, მომდევნო სეზონში რას შემოგვთავაზებს. კვარა ლეაოზეც ბევრად მაგარია! მან მილანის ფეხბურთელზე ბევრად მეტი რაღაცის გაკეთება იცის", - ამბობს კასანო.

"სპალეტი რაღაცებს უბრალოდ სათქმელად არ ამბობს. როცა ამბობს, რომ კვარამ მარადონასთვის დამახასიათებელი გოლი გაიტანა და კიმი მსოფლიოში საუკეთესო მცველია, ამას მიზეზი ექნება. კვარას გოლი სიგიჟე იყო. ხვიჩა მანჩესტერ იუნაიტედში რომ გადავიდეს, იქ ჯორჯ ბესტის დრო დაბრუნდება. მოუთმენლად ველოდი ჩემპიონთა ლიგაში აინტრახტთან თამაშს. მოუსმინეთ, რა თქვა გულამმა? ჯუნტოლიმ მას გაუმხილა, რომ ფენომენი ნახა და კვარაცხელიაზე ესაუბრა. ამიტომ, ჯუნტოლი უნდა შევაქოთ, ის ძალიან კარგი მენეჯერია", - ეს უკვე ლეგენდარული კრისტიან ვიერის შეფასებაა.
კვარაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ: "კვარაცხელია ჯორჯ ბესტს ძალიან ჰგავს, აღმოსავლეთის ჯორჯ ბესტია! მას არ უჭირს ორმაგი მეურვეობის წინააღმდეგ თამაში, მსოფლიოში ამჟამად კვარაცხელიასნაირი მხოლოდ ვინისიუსია".
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, გარდა ამისა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.
მეტი ამ თემაზე
- კანავარო: მარადონასთან შედარებით, ხვიჩას უპირატესობაც აქვს
- მედია: კვარაცხელია თითქოს მარადონაა, დიეგოც ასე იფიქრებდა
- დისკუსია იტალიაში: კვარაცხელია 10 ნომერი? შევეშვათ ამ საკითხს!
- 'შეუძლებელია ეს რეალობა იყოს' - ვან ბასტენი კვარას გოლზე
- სტატისტიკა: კვარას უზუსტესი პასები, მოგებული საჰაერო დუელები
- 'მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ' - რას წერს იტალიური მედია ხვიჩაზე
ნაპოლი სერია A-ში 68 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ ინტერს 18 ქულით უსწრებს. "აძური" სანაკრებო პაუზამდე ფრანკფურტის აინტრახტს და ტორინოს დაუპირისპირდება, შემდეგ კი, კვარა საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება.
კომენტარები