Thumbnail

არის მოლოდინი, რომ ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში კლუბს შეიცვლის. ყველა აღიარებს, რომ მიმდინარე სეზონში საშინლად მოთამაშე "ღამურების" შემადგენლობაში იშვიათი "ნათელი წერტილი" სწორედ საქართველოს ნაკრების 22 წლის მეკარეა. 

ვალენსია ლა ლიგაში დარჩენისთვის ჯერ კიდევ იბრძვის, მამარდაშვილის მიმართ სხვადასხვა კლუბების ინტერესზე კი ესპანურ მედიაში გამუდმებით იწერება. გიორგის მომავალს ინგლისის პრემიერლიგაში ლონდონის ტოტენჰემს უკავშირებენ, იტალიის სერია A-ში - ტურინის იუვენტუსს, ესპანეთის ლა ლიგაში კი - მადრიდის ატლეტიკოს. 

გიორგი მამარდაშვილმა ატლეტიკოში იან ობლაკი შეიძლება შეცვალოს

ამჯერად ცნობილი სატრანსფერო ესპანურენოვანი საიტი Todofichajes ირწმუნება, რომ მამარდაშვილის ატლეტიკოში გადასვლა გადაწყვეტილია იმ შემთხვევაში, თუკი დიეგო სიმეონეს გუნდს მთავარი მეკარე იან ობლაკი დატოვებს. 

"თუკი იან ობლაკი ბოლოს და ბოლოს არჩევანს პრემიერლიგაზე გააკეთებს, ატლეტიკოს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი, ვინ შეცვლის სლოვენიელ მეკარეს ჩოლო სიმეონეს გუნდში. ეს გიორგი მამარდაშვილია. 

საქართველოს ნაკრების მეკარემ თავი წარმოაჩინა, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე სრულყოფილმა გოლკიპერმა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამ სეზონში ის ვალენსიას მთავარი იმედია.

ვალენსია, უფრო ზუსტად კი მისი მფლობელი პიტერ ლიმი, ხელიდან არ გაუშვებს შანსს, ისარგებლოს ქართველის ტრანსფერით, რომელიც ხელში იაფად ჩაიგდო და რომელიც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სარფიან გასხვისებად შეიძლება იქცეს. 

მამარდაშვილმა, რომელიც მეკარისთვის საკმაოდ ძვირად, 25 მილიონ ევროდ ფასდება, შესაძლოა ობლაკი შეცვალოს. თანაც, ქართველი სულ 22 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ფსონის ჩასვლა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი სლოვენიელი "მეტროპოლიტანოს" დაემშვიდობება და ინგლისში გაემგზავრება", - წერს საიტი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ვალენსიას ყველა, 25-ივე მატჩში ითამაშა, 28 გოლი გაუშვა, ხოლო კარის მშრალად შენახვა 5-ჯერ მოახერხა. ვალენსია 26 ქულით მე-16 ადგილი უკავია, თუმცა, გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები