Thumbnail

104 მატჩი და ახალი ფორმატი - ფიფა ცვლილებებს კონგრესზე დაამტკიცებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს
  • მომავალი მუნდიალი ახალი სისტემით ჩატარდება და გარკვეული დეტალები უკვე ცნობილია

ცნობილი გახდა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის განახლებული ფორმატის დეტალები, რომლებსაც მომავალ ხუთშაბათს რუანდის დედაქალაქ კიგალიში დაგეგმილ ფიფას კონგრესზე დაამტკიცებენ. კულუარული ინფორმაციის შესახებ The Athletic წერს.

მომავალ მუნდიალზე, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 32-ის ნაცვლად 48 ნაკრები (16 ევროპული) ითამაშებს და ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იქნება: 39 დღეს გაგრძელდება და საერთო ჯამში, 104 მატჩს ვიხილავთ.

ფიფას თავდაპირველი ვერსიის თანახმად, მსოფლიოს პირველობაზე 16 სამგუნდიანი ჯგუფი უნდა შექმნილიყო, ორ-ორი საუკეთესო ნაკრები კი პლეი ოფში თამაშის უფლებას მიიღებდა, თუმცა, ამ ფორმატს სერიოზული მინუსი გააჩნდა. კერძოდ, დიდი იყო ალბათობა, რომ ბოლო ტურში უინტერესო თამაშები გვეხილა და მეტოქეებს სწორედ ის შედეგი დაეფიქსირებინათ, რომელიც ორივეს აწყობდა.

ასე რომ, ფიფა აპირებს მხარი უფრო ტრადიციულ ვარიანტს დაუჭიროს. საუბარია 12 ოთხგუნდიან ჯგუფზე, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო გავა და პლეი ოფში ასევე 8 საუკეთესო მესამეადგილოსანი მოხვდება. ცნობილია ისიც, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დამატებითი კვირის მოძიება წინასატურნირო დასვენების 23-დან 16 დღემდე შემცირებით მოხდება.

როგორც აღვნიშნეთ, მომავალი მუნდიალი ერთბაშად სამ ქვეყანასა და 16 ქალაქში (ლოს ანჯელესი, სამ ფრანცისკო, სიეტლი, ატლანტა, დალასი, ჰიუსტონი, კანზასი, ბოსტონი, მაიამი, ნიუ იორკი, ფილადელფია, მეხიკო, გვადალახარა, მონტერეი, ტორონტო, ვანკუვერი) ჩატარდება. ტურნირი 2026 წლის ივნის-ივლისში (ფინალი 19 ივლისს) არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები