- 📅 15 მარტი | 🏟 სტადიო მარადონა | ⌚ 23:55 | ⚽ ნაპოლი V აინტრახტი
- ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად გასვლასთან ახლოსაა
- აინტრახტს დასაკარგი არაფერი აქვს, მაგრამ რთულ ვითარებაშია
- ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ
- 'სეზონის პირველი ფინალია' - რა თქვა სპალეტიმ აინტრახტთან მატჩზე
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშო პირველი თამაშის სტუმრად 2:0 მოგება ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ მაინც არაა ბოლომდე მშვიდად ყოფნის გარანტიას - ამ ტურნირს უფრო დიდი ჩამორჩენების აღმოფხვრებიც ახსოვს. ეს ყველაფერი ყველაზე კარგად ლუჩანო სპალეტიმ იცის.
ნაპოლის ჩემპიონთა თასის/ლიგის მეოთხედფინალში არასდროს უთამაშია. შესაბამისად, ახლა შეუძლია, თავის ისტორიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი შემატოს, რადგან ფრანკფურტში აინტრახტი 2:0 დაამარცხა. შესაბამისად, სპალეტის გუნდი ძალიან ახლოსაა ევროპის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრასთან.
ნაპოლის სერია A-ში საქმეები იდეალურად მისდის: +18 ქულა სეზონის დასრულებამდე 12 ტურით ადრე - დაუჯერებელი უპირატესობაა. ერთი მხრივ, სპალეტის გუნდი ბრწყინავს, მეორე მხრივ, მისი კონკურენტები ტურიდან ტურამდე ქულებს კარგავენ. ამგვარად, 33-წლიანი პაუზის შემდეგ "სკუდეტოს" მოგება მხოლოდ დროის საკითხია. ეს კი, იმასაც ნიშნავს, რომ ნაპოლის თავისუფლად შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად კონცენტრირება. ბევრი ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდითვის სულ მცირე ნახევარფინალამდე მისვლა მაინც რეალურია და მერეც მართლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რატომაც არა?! ნაპოლი მთელი სეზონია ამტკიცებს, რომ ყველაფრისა და ყველას წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია.

აინტრახტი, რომელიც ევროპალიგის მოქმედი ჩემპიონია, ნეაპოლელებმა გერმანიაში მაგრად დაჩაგრეს და საგოლე მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინათ, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა. ფრანკფურტში ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის საუკეთესო საგოლე პასი გააკეთა, როდესაც ჯოვანი დი ლორენცოს ბურთი ქუსლით საოცრად ელეგანტურად დაუტოვა. თუმცა, იმავე შეხვედრაში კვარამ პენალტი ვერ გაიტანა. ზოგადად, ხვიჩას იმდენად მაგარი სეზონი აქვს, რომ ყველა მასზე საუბრობს. ბოლო მატჩში, ბერგამოს ატალანტასთან გოლმა ხომ მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა...
სხვათა შორის, ნეაპოლური გამოცემები წერენ, რომ კვარას დღევანდელ ვარჯიშზე თანაგუნდელისგან ფეხში ძლიერად მოხვდა, თუმცა საგანგაშო არაფერია - ქართველი აინტრახტის წინააღმდეგ მოედანზე იქნება და ეცდება, რომ პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის სტადიაზე გოლს გაიტანს.
ნაპოლის ჯაკომო რასპადორი ვერ დაეხმარება. გუნდს დაუბრუნდა ირვინგ ლოსანო, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს. კარგად არიან ალექს მერეტი და კიმ მინ-ჯეც. თუმცა, იტალიელი მეკარისა და სამხრეთკორეელი მცველის თამაშის საკითხი მაინც მატჩის დღეს გადაწყდება. ლუჩანო სპალეტის არ სურს გარისკვა. ნებისმიერ შემთხვევაში, პირლუიჯი გოლინი და ჟუან ჟეზუში მათ შესაცვლელად მზად არიან.

გაცილებით დიდი დანაკლისია გერმანელთა ბანაკში. ოლივერ გლასნერს ანსგარ კნაუფი, იესპერ ლინდრსტომი და ერიკ ებიმბე ტრავმების გამო დააკლდებიან, ხოლო გუნდის ლიდერი რანდალ კოლო მუანი დისკვალიფიკაცირებულია. მოგეხსენებათ, ფრანგი ვარსკვლავი პირველ შეხვედრაში უხეშობისთვის გააძევეს.
აინტრახტი ბუნდესლიგაში 40 ქულით მე-6 ადგილზეა, ხუთეულთან კი 5 ქულა აშორებს. ზოგადად, "არწივები" არ არიან სასურველ ფორმაში. ბოლოს მათ 18 თებერვალს, ვერდერთან მოიგეს (2:0). მას მერე იყო ზედიზედ ორი წაგება ნაპოლისთან და ლაიპციგთან, ასევე ზედიზედ ორი ფრე ვოლფსბურგთან და შტუტგარტთან.
"არცერთ მეტოქეს არ ვუყურებთ დაუფასებლად. უნდა გვახსოვდეს, რომ აინტრახტმა შარშან ბარსელონა დაამარცხა. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ დიდი გუნდი გავხდეთ, დიდი ისტორია ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენ გვყავს თავმდაბალი შემადგენლობა, რომელიც სავსეა პროფესიონალიზმით და თანაგუნდელებისთვის თავგანწირვის სურვილის მქონე კაცებით. 11 ინდივიდუალური მოთამაშით გამარჯვებული გუნდი არ ყალიბდება, არამედ ზოგადად ჯგუფით, რომელშიც ყველა ერთმანეთს ეხმარება", - თქვა სპალეტიმ მატჩამდე პრესკონფერენციაზე.
"ისინი ძალიან აგრესიულ კონტრპრესინგს თამაშობენ, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება დაგვჭირდება, რათა თავი დავაღწიოთ ამ ზეწოლას. პირველ მატჩში სწრაფები არ ვიყავით, ეს შეცდომები თავიდან უნდა ავიცილოთ. შეგვიძლია სამი გოლი ჯერ გავიტანოთ და შემდეგ მეტოქეს დაველოდოთ, ან პირიქით, ჯერ დაველოდოთ მეტოქეს და შემდეგ გავიტანოთ 3 გოლი. ჩვენთვის კარგი იქნება დამატებით დრო ან პენალტების სერიაც. მთავარია მთელი ჩვენი პოტენციალი გამოვავლინოთ. ახლა არ გვინდა ზედმეტად ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, მაგრამ ჩვენ ევროპაში აინტრახტს წარმოვადგენთ და გვინდა, კარგად გამოვიდეთ", - ეს უკვე ოლივერ გლასნერის მატჩამდე კომენტარია.
საინტერესო ფაქტები
🟠 ნაპოლიმ გერმანულ გუნდებთან ბოლო ორი მატჩი ყველა ტურნირზე მოიგო. ეს იმდენივე მოგებაა, რამდენიც მანამდე 12 შეხვედრაში ჰქონდა გერმანელთა წინააღმდეგ (2 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება). ნაპოლიმ აინტრახტი 3 კვირის წინ პირველად დაამარცხა (2 მარცხი მანამდე).
🟠 ფრანკფურტის აინტრახტს ნაპოლისთან სტუმრად ერთადერთხელ აქვს ნათამაშები და 1994 წლის დეკემბერში, უეფას თასის მერვედფინალში 1:0 მოიგო.
🟠 ნაპოლის ისტორიაში პირველად აქვს შანსი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდეს. ერთადერთი შემთხვევა, როცა "აძურიმ" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პირველი მატჩი მოიგო 2011/12 წლების სეზონით თარიღდება, როცა ჩელსის 3:1 აჯობა, თუმცა საპასუხო თამაში 1:4 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
🟠 აინტრახტმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის სამივე გასვლით მატჩში გოლი გაიტანა (5 გოლი ჯამში). ორი შეხვედრა მოიგო და ერთხელ დამარცხდა.
🟠 ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 22 გოლი აქვს გატანილი. ბოლო იტალიური გუნდები, რომლებმაც ერთ სეზონში ამ ტურნირზე უფრო მეტი გოლი გაიტანეს, იუვენტუსი (30) და ინტერია (22) 2002/03 წლების სეზონში.
🟠 ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 11 საშინაო შეხვედრაში დაუმარცხებელია (8 მოგება, 3 ფრე). ამ სეზონში "სტადიო მარადონაზე" სამივე თამაში მოიგო და თითოეულ შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გაიტანა. ბოლო იტალიური გუნდი, რომელმაც ზედიზედ ოთხ საშინაო მატჩში 3-3 გოლს გაიტანა, რომა იყო 2018 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე.
🟠 ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 პენალტიდან 3 ვერ გაიტანა, მათ შორის, ერთი აინტრახტთან პირველ მატჩში. არცერთ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში (2003/04 წლების სეზონიდან, რაც ამ სტატისტიკას აღწერენ) 4 პენალტი არ გაუცუდებია (სტატისტიკაში არ შედის პენალტების სერია).
🟠 პირველ შეხვედრაში აინტრახტს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კარისკენ ყველაზე ცოტა დარტყმა ჰქონდა (5) და ყველაზე მეტი დარტყმა მიიღო (18).
🟠 ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 4 საგოლე პასი გააკეთა, რაც ნაპოლის ფეხბურთელებისთვის რეკორდია. გარდა ამისა, ქართველმა გარემარბმა ყველაზე მეტი საგოლე შანსი შექმნა (სტანდარტულების გარეშე) – 16. 12-ჯერ კარისკენ მან დაარტყა, 40-ჯერ კი თანაგუნდელები გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე.
🟠 ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი დი ლორენცომ პირველ შეხვედრაში გოლები გაიტანეს. ნაპოლის არცერთ ფეხბურთელს ამ ტურნირის ისტორიაში პლეი ოფის ორივე თამაშში გოლი არ აქვს გატანილი.
🟠 ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 5-ჯერვე 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ორივე გუნდს კი არ გაუტანია. აღსანიშნავია, რომ სპალეტის გუნდმა ამ 5 მატჩიდან 4 ერთნაირი ანგარიშით მოიგო - 2:0.
🟠 აინტრახტის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.
🟠 ამ გუნდების წინა სამ დაპირისპირებაში სამჯერვე 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და ორივე გუნდმა ვერცერთხელ გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ტრავმა: რასპადორი.
აინტრახტი (3-4-2-1): ტრაპი - ტუტა, ჰასებე, ნდიკა - იაკიჩი, როდე, სოუ, მაქსი - კამადა, გიოტცე - ბორე.
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: კნაუფი, ლინდსტრომი, ებიმბე, კოლო მუანი.
კომენტარები