- საქართველო 11:11 სერბეთი (12:11 პენალტების სერიაში)
- ქართველმა წყალბურთელებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა. ქართველი წყალბურთელები მსოფლიო თასის I დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მოქმედ ოლიმპიური ჩემპიონ სერბეთს გაეჯიბრნენ და პენალტების სერიაში დაამარცხეს.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრები თამაშის უმეტესი ნაწილი ლიდერობდა, ბოლოსკენ წინ აშკარა ფავორიტად შერაცხული მეტოქე გაიჭრა, ძირითადი დრო კი ფრედ - 11:11 დასრულდა. ამგვარად, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც საქართველომ 12:11 იმარჯვა.

თუ რა გუნდია სერბეთი, ამის გასააზრებლად ამ გუნდის სხვა ტიტულებიც უნდა ჩამოვთვალოთ. სერბებს ტოკიოს ოლიმპიადის გარდა, ოქროს მედლები აქვთ მოპოვებული რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც, ამას გარდა კი, მსოფლიოს 3-გზის, ევროპის 7-გზის, მსოფლიო თასის 3-გზისა და მსოფლიო ლიგის 12-გზის გამარჯვებულები არიან. მოკლედ, წყალბურთში სერბეთზე ტიტულოვანი ნაკრები მსოფლიოში ცოტა თუ მოიძებნება და ამდენად, ქართველი წყალბურთელების ეს გამარჯვება ისტორიას დარჩება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის I დივიზიონის მატჩებს მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა მასპინძლობს. დღევანდლამდე, საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან (12:13), ესპანეთთანა (10:20) და საბერძნეთთან (7:17) წააგო, თუმცა, ავსტრალიას 13:12 სძლია. ამგვარად, ქართველმა წყალბურთელებმა 5 ქულა (ძირითად დროში მოგებაზე 3 ქულაა, პენალტების სერიაში - 2) მოაგროვეს, B ჯგუფის 6 ნაკრებს შორის მე-5 ადგილი დაიკავეს და რაც მთავარია, I დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს.
მსოფლიო თასის სუპერფინალი წელს 30 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში ლოს ანჯელესში გაიმართება და იქ I დივიზიონის 6 საუკეთესო ნაკრები გავა (საგზურები უკვე მოპოვებული აქვთ ხორვატიას, იტალიას, ესპანეთსა და აშშ-ს), კიდევ 2 ფინალისტი კი II დივიზიონიდან იქნება.
კომენტარები