- ლეგენდარულმა მსაჯმა ბიგ ჯონ მაკარტიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა
- ამერიკელის აზრით, ქართველი კარგი ადამიანია და სანახაობრივი მებრძოლიც
MMA-ის ლეგენდარულმა მსაჯმა ბიგ ჯონ მაკარტიმ და Strikeforce-ის ყოფილმა ჩემპიონმა ჯოშ ტომპსონმა პოდკასტს WEIGHING IN-ში მერაბ დვალიშვილისა (16-4) და პიოტრ იანის (16-5) ჩხუბზე ისაუბრეს, "ბიგ ჯონმა" ქართველის მიმართ სიმპათიები არ დამალა.
მაკარტიმ განაცხადა, რომ მოსწონს მერაბის ჩხუბის სტილი და ისიც, თუ რა პიროვნული თვისებებიც დვალიშვილს გააჩნია - განსაკუთრებით მისი მეგობრული დამოკიდებულება ალჯამეინ სტერლინგის (22-3) მიმართ.
"წარმოგიდგენიათ, ამ ბიჭმა მეტოქის პარტერში გადაყვანა 49-ჯერ სცადა! თეიქდაუნების ამდენი მცდელობა ჭიდაობის ვარჯიშებზეც არასდროს მქონია. ეს წარმოუდგენელი რიცხვია, ქანცგამომცლელი. თან მათგან 11 წარმატებული იყო, დაუჯერებელია, დაუჯერებელი! როგორც წესი, პიოტრ იანი დაბალ ტემპში იწყებს ჩხუბს და ნელ-ნელა უმატებს, უფრო აგრესიული ხდება, დვალიშვილთან ბრძოლისას პირველ სიჩქარეში გაიჭედა, რაც სრულად მერაბის დამსახურებაა. ეს ბიჭი ძალიან მაგარი მებრძოლია, რომელიც წარმოუდგენელ ტემპსა და მუდმივ პრესინგს გთავაზობს, რომ შეაჩერო, ძალიან უნდა ატკინო, თორემ თავიდან ვერ მოიშორებ. მომწონს მერაბის თვისებები, მისი ჩხუბის ყურებაც, ისიც, როგორი დამოკიდებულება აქვს მისი და ალჯამეინ სტერლინგის მეგობრობის მიმართ.
მერაბი საერთოდ არ არის მოსაწყენი მოჩხუბარი, უბრალოდ ძალიან ჭკვიანია, სწორ ტაქტიკას ირჩევს და იმას აკეთებს, რისი უდიდესი რესურსიც გააჩნია. დვალიშვილი მხოლოდ თეიქდაუნებზე ორიენტირებული სპორტსმენი არაა, ის ამით მეტოქის განეიტრალებას ცდილობს, რათა დგომში ზიანი მიაყენოს - მერაბი ხშირად შედის გაცვლებში და მუშტებს საკმაოდ ძლიერად იქნევს. რასაკვირველია, ყველას არ მოსწონს ეს სტილი, მაგრამ რას ამბობთ, რა უნდა დაუწუნო ადამიანს, რომელიც 1 მატჩში მეტოქის პარტერში გადაყვანას 49-ჯერ ეცდება?! ყველაფერთან ერთად, დვალიშვილს ბრწყინვალე პიროვნული თვისებები აქვს, რაც მე აღმაფრთოვანებს. მერაბი დაუჯერებლად მეგობრული ადამიანია, ყველას კარგად ექცევა, ამასთანავე ენთუზიაზმით სავსეა, ემოციებით, ჟინით. დააკვირდით, მადლობა გადაუხადა თავის ქართველებს და თქვა, მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერებიო! შეუძლებელია მასში უდიდესი ენერგია არ დაინახო და მგონი, UFC-მ მის შესახებ ძალიან მარტივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
თუ ალჯო ჰენრი სეხუდოს მოუგებს, ის ზედა დივიზიონში გადავა, მაგრამ თუ დამარცხდა, მერაბისა და ჰენრის ჩხუბი ძალიან მაგარი იქნება. UFC-ის ადგილას რომ ვიყოთ, ვის დაუპირისპირებდი პირველი დაცვისას სეხუდოს - დვალიშვილს თუ შონ ო’მალის?! ალბათ, მერაბს, მაგრამ მეორე კითხვაც არსებობს: ვისი ბრძოლა უფრო მეტ ფულს მოუტანს ორგანიზაციას?! შეიძლება ო’მალისა და დვალიშვილის ჩხუბიც განვიხილოთ, მაგრამ “შუგა” მერაბთან უშანსოდ იქნება, განსაკუთრებით 5-რაუნდიან მატჩში ქართველი მას გადაწვავს," - განაცხადა ყოფილმა მსაჯმა.
პიოტრ იანის დამარცხების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ამჟამად, ტიტულზე ჩხუბის ნომერ პირველი პრეტენდენტია. ყოველგვარი ლოგიკით, ქართველმა მებრძოლმა მომდევნო მატჩი UFC-ის ქამარზე უნდა ჩაატაროს.
კომენტარები