Thumbnail
  • გენტის ქართველი შემტევვი სლოვანში სეზონის ბოლომდე იჯარით გამოდის
  • სლოვაკური მედია 23 წლის ფეხბურთელის წარსულსა და მომავალზე წერს

გიორგი ჩაკვეტაძე ტიტულების მოსაპოვებლად ბრძოლას ბრატისლავის სლოვანთან ერთად აგრძელებს, რომლის ღირსებას გენტიდან ერთწლიანი იჯარის წესით იცავს. საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომლის კარიერა ტრავმებმა ძალიან დააზარალა, სლოვაკურ გუნდში ცდილობს ძველი კონდიციების დაბრუნებას. იქ კი გიორგის გვერდით ჯაბა კანკავა და გურამ კაშია, მწვრთნელად კი ვლადიმირ ვაისი ჰყავს, რომლის ხელმძღვანელობითაც თავის დროზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბრწყინავდა.

ქართველების გუნდი სამ ფრონტზე იბრძვის - სლოვაკეთის ჩემპიონატში, სლოვაკეთის თასსა და კონფერენსლიგაში. სლოვანი ფორტუნა ლიგაში მხოლოდ ცხრილის ლიდერ დუნაისკა სტრედას ჩამორჩება (4 ქულით), თასზე ნახევარფინალშია გასული, სადაც მეტოქედ სკალიცა ჰყავს, ხოლო კონფერენსლიგის 1/8-ფინალში ბაზელთან საპასუხო შეხვედრა აქვს ჩასატარებელი, რომელთანაც სტუმრად გამართულ პირველ მატჩში ფრედ 2:2 დაასრულა. 

გიორგი ძველი კონდიციების აღდგენას სლოვანში ცდილობს

სლოვაკური სპორტული მედია გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით: "ტალანტი და უიღბლო", რომელიც ქართველი გულშემატკივარს დააინტერესებს.

"როდესაც სლოვან ბრატისლავას ქართულ ლეგიონზეა საუბარი, აქ მხოლოდ კანკავა და კაშია არ იგულისხმება. გასული წლის აგვისტოში ვაისმა გუნდში გიორგი ჩაკვეტაძეც მოიყვანა. ნიჭიერი გამთამაშებელი, რომელსაც თავის დროზე ისეთ კლუბებს უკავშირებდნენ, როგორებიც ბარსელონა და ლივერპულია. 

რომ არა სერიოზული ტრავმები, რომლებიც 23 წლის ამ ნახევარმცველმა გადაიტანა, ის დღეს ნამდვილად არ ითამაშებდა ბრატისლავაში. ის სლოვანში იჯარით, ბელგიური გენტიდან მოვიდა. 

"როდესაც ჩაკვეტაძე 18-19 წლის იყო, პრაქტიკულად მარტომ მოიგო ერთა ლიგის D დივიზიონი და საქართველოს მეგავარსკვლავი გახდა. მასზე თვალი ეჭირათ: ჩელსის, ბარსელონას, რომას და დორტმუნდს. ის ნამდვილად ითამაშებდა დიდ კლუბში, მაგრამ სამწუხაროდ, ჯვარედინი მყესები დაიზიანა", - ამბობდა ვაისი მასზე.

ჩაკვეტაძეს ბაზელთან საპასუხო მატჩი ელოდება

2019 წელს ჩაკვეტაძის საბაზრო ფასი 9 მილიონ ევროს შეადგენდა, უეფა კი მას 21 წლამდე ასაკის 50 ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს შორის ასახელებდა. სამწუხაროდ, ამას მოჰყვა ორი რთული ოპერაცია და წარუმატებელი იჯარა ჰამბურგში. 

მაგრამ ჩაკვეტაძემ აღდგენა სლოვანში მოახერხა, ვაისის ფრთის ქვეშ, რომელმაც თავის დროზე ის საქართველოს ნაკრებში მიიწვია. 

"ამ მომენტში ის მართლაც ბრწყინვალედ თამაშობს, გუნდს სწრაფად შეეწყო. მიმაჩნია, რომ თუკი ტრავმებს აირიდებს, მატჩიდან მატჩამდე მოუმატებს, გულშემატკივრებს კი მისი იმედი ექნებათ" , - ამბობს ჯოზეფ კონტირი (ვაისის ყოფილი თანაშემწე საქართველოს ნაკრებში). 

ბაზელთან მატჩში გადამწყვეტი პენალტის დარტყმა რომელიმე ქართველმა ლეგიონერმა თუ უნდა შეასრულოს, ის ჩაკვეტაძეს აირჩევდა. 

სლოვანი ქართველი ლეგიონერების გუნდია

დღეს მისი მომავალი ბუნდოვანია. ის ჯერაც ხანგრძლივი კონტრაქტით არის დაკავშირებული ბელგიურ კლუბთან (სხვადასხვა წყაროების თანახმად, გიორგის გენტთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება), მაგრამ სავარაუდოდ, სლოვანთან შეთანხმებაში არის პუნქტი გამოსყიდვის შესაძლებლობაზე. რა თქმა უნდა, საუბარი არ იქნება მცირე თანხაზე. 

"ის ჩვენთან ერთი წლით არის, შემდეგ კი ვნახოთ", - ამბობს ვაისი. 

დიდი ფეხბურთელები წარმატებას იზიდავენ, მაგრამ პირიქითაც ხდება. რა ელოდებათ ქართველებს არენა "Tehelne pole"-ზე, შესაძლოა სულ მალე გაირკვეს. არ არის გამორიცხული, ეს ბაზელთან მატჩის შემდეგაც მოხდეს. 

ეჭვგარეშეა, მათ გარეშე დღევანდელი სლოვანის წარმოდგენა ძნელია", - წერს სლოვაკური საიტი Sportweb.

გიორგი საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვანი ფეხბურთელია

გიორგი ჩაკვეტაძემ სლოვანის მაისურით ყველა ტურნირის 34 მატჩში ითამაშა და 7 საგოლე პასით გამოირჩა. ფეხბურთელის ამნგარიშზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სლოვანი ბაზელთან კონფერენსლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრას ბრატისლავაში 16 მარტს ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები