Thumbnail

უცნაური ამბავი - ხელბურთელთა U19 ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • აქამდე ცნობილი იყო, რომ ფინალის საგზური გვადელუპამ მოიპოვა
  • ქართველმა ხელბურთელებმა უკვე ფინალში მეტოქეთა ვინაობაც შეიტყვეს

საქართველოს ხელბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U19) მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, რაც მეტად უცნაურ ვითარებაში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ხელბურთელებმა 7-11 მარტს კოსტა რიკის დედაქალაქ სან ხოსეში საკონტინენტთაშორისო თასზე ითამაშეს, საიდანაც მსოფლიოს პირველობის საგზურს გამარჯვებული იღებდა.

საქართველოს ნაკრებმა ნიკარაგუას (43:27), ტაიტისა (36:20) და ნიგერიას (28:27) სძლია, თუმცა, გვადელუპასთან 29:33 წააგო და პირველ ადგილზეც სწორედ ეს ნაკრები აღმოჩნდა.

თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა, მალევე “გაირკვა”, რომ გვადელუპა საფრანგეთის ნაწილია და როგორც ცალკე ქვეყანა, მსოფლიოს პირველობაზე ვერ ითამაშებდა. ცხადია, აქ ჩნდება კითხვა, გვადელუპა საერთოდ როგორ მოხვდა საკონტინენტთაშორისო თასზე, რომელსაც ფინალური ტურნირის ბოლო მონაწილე უნდა გამოევლინა?

საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი ნიგერიასთან მოგება აღმოჩნდა

ასეა თუ ისე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდა და უკვე მეტოქეთა ვინაობაც შეიტყო. წილისყრის შედეგები ასე გამოიყურება.

A ჯგუფი: პორტუგალია, ხორვატია, რუანდა, ალჟირი.
B ჯგუფი: უნგრეთი, სლოვენია, მაროკო, ახალი ზელანდია.
C ჯგუფი: ეგვიპტე, ისლანდია, იაპონია, ჩეხეთი.
D ჯგუფი: ესპანეთი, სამხრეთ კორეა, ბრაზილია, ბაჰრეინი.
E ჯგუფი: დანია, ავსტრია, ჩილე, მექსიკა.
F ჯგუფი: ნორვეგია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველო.
G ჯგუფი: გერმანია, არგენტინა, საუდის არაბეთი, აშშ.
H ჯგუფი: შვედეთი, ფარერის კუნძულები, ირანი, ბურუნდი.

თუკი ჯგუფებს თვალს შეავლებთ, აუცილებლად შეამჩნევთ ერთ უცნაურობას. F ჯგუფის გარდა, ყველგან, მაქსიმუმ 2 ევროპული ნაკრებია წარმოდგენილი, ჩვენს ჯგუფში კი, ოთხივე გუნდი ევროპიდანაა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს პირველობის ჯგუფურ ეტაპზე რთული მატჩები ელის.

ცნობისთვის, 6 კონფედერაციის წარმომადგენელი 32 ნაკრები ფინალურ ეტაპის ჩასატარებლად 2-13 აგვისტოს ხორვატიას ესტუმრება. 2021 წელს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო ჩაიშალა, 2019-ში კი ოქროს მედლები ეგვიპტემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში გერმანიას 32:28 სძლია. ბრინჯაო დანიამ დაისაკუთრა.

კომენტარები

ბოლო ამბები