Thumbnail

იტალიელმა მებრძოლმა მარვინ ვეტორიმ (18-6) რომან დოლიძესთან (12-1) ჩხუბის წინ გამართულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და რამდენიმე კომენტარი ქართველი სპორტსმენის შესახებაც გააკეთა. 

იტალიელის თქმით, მას რომანთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და გაკვირვებული დარჩა იმის გაგებით, რომ დოლიძე მასთან ჩხუბს ბევრი ფიქრის გარეშე დათანხმდა. 

"ევროპაში ჩხუბი ყოველთვის მიყვარს, თან ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან პირადულია, რადგან კარიერაში ზედიზედ ორჯერ არასდროს წამიგია და არც ახლა დავმარცხდები. ერთი სული მაქვს, ოქტაგონზე გავიდე და ძალიან მაგარ სანახაობა ვაჩვენო.

რაღაც მხრივ, პირადული რომანის მიმართაც არის, რადგან ადრე ერთად ვვარჯიშობდით, ძალიან კარგი საერთო მეგობრები გვყავს და მატჩს ისე დათანხმდა, არც კი უფიქრია. Kings MMA-ში სავარჯიშოდ გიგა ჭიკაძესთან ჩამოვიდა, ქართველები არიან და ბოლო პერიოდში დაახლოვდნენ. მე და გიგა სულ თანაგუნდელები ვიყავით, დიდი ხანია ერთად მოვდივართ და საკუთარ ძმად მივიჩნევ. UFC-დან ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, შენთან ჩხუბს ეგრევე დათანხმდაო და ამის მერე უარი არც მე მითქვამს. ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ერთად გარკვეული დრო გაგვიტარებია, ახლა ვხვდები, რომ ჩვენგან მეგობრები არ დადგება და ბრძოლის წინ უსიამოვნო გრძნობაც არ მაქვს, ოქტაგონზე გავალ და თავ-პირს დავუნგრევ. უშუალოდ მასთან ერთად ვარჯიში ჩემთვის კარგი იყო, ალბათ პირველი ადამიანი ვარ, ვინც ბრძოლის წინ მეტოქეზე ამას ამბობს. 

როგორც მებრძოლი, დოლიძე ძალიან კარგია, ნამდვილი სნაიპერი, თუ შანსს მისცემ, აუცილებლად გამოიყენებს და დაგაზიანებს. ამიტომ, მასთან ჩხუბის დროს ძალიან ყურადღებით უნდა იმოქმედო, თან ახლა ისეთი პოზიციაშია, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა. ქუდს ვიხდი მის წინაში, მართლაც ძლიერია და განსაკუთრებით აღსანიშნავი ჯეკ ჰერმანსონის დაფინიშებაა. ჯეკთან მეც მიჩხუბია და მისი ნოკაუტით დამარცხება ადვილი არაა. კარგი შედეგები აქვს, მაგრამ საერთო დონით მე სხვა ლიგაში ვარ და ჩემთან ბრძოლაზე დათანხმებით დიდი შეცდომა დაუშვა," - განაცხადა ვეტორიმ.

იტალიელისა და ქართველის დაპირისპირება ლონდონში გასამართი UFC 286 ღონისძიების მთავარ ქარდს გახსნის. მატჩი თბილისის დროით, 19 მარტს, 01:00 საათზე დაიწყება. რომან დოლიძე მარვინ ვეტორის დამარცხების შემთხვევაში UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს და ტიტულზე ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. საღამოს მთავარი ბრძოლა ქვესაშუალო წონის ქამრისთვის გაიმართება: კამარუ უსმანი (20-2) ტიტულის დაბრუნებას ლეონ ედვარდსთან (20-3) რემატჩში (რეალურად, სპორტსმენებს შორის გამართული მესამე მატჩი იქნება) ეცდება - ქამარზე ჩატარებულ პირველ ჩხუბში იამაიკელმა ნიგერიელი მეხუთე რაუნდში დაანოკაუტა.

კომენტარები

ბოლო ამბები