Thumbnail

'UFC-ის ქამარზე ჩხუბს მოვითხოვ' - რომან დოლიძის პრესკონფერენცია

რომან დოლიძემ (12-1) UFC 268-ზე მარვინ ვეტორისთან (18-6) ჩხუბის წინ ოფიციალურ პრესკონფერენციას დაესწრო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

ქართველი მებრძოლი იტალიელის დამარცხების შემთხვევაში საშუალო წონის ქამარზე ჩხუბს მოითხოვს. 

...მომდევნო მატჩზე: "UFC-ის ყოველთვის უკეთესი მებრძოლებთან ჩხუბის ორგანიზებას ვთხოვდი და ძალიან მიხარია, რომ ჩემს თხოვნას ითვალისწინებენ. ნამდვილად არ მეგონა, თუ მარვინს მომცემდნენ, მაგრამ ახლა ჩემი მეტოქე ვეტორი იქნება, მომდევნო კარგი მოწინააღმდეგე და მეც მზად ვარ. მე ყველა ჩემს მეტოქეს პატივს ვცემ, UFC-ში ყველასთან ჩხუბი რთულია, თუმცა არასდროს ვფიქრობ იმაზე, როგორი სტილი აქვთ მათ, მე ოქტაგონზე გავდივარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. არავის ახსოვდა, რომ გრეპლერი ვარ, უყურებენ ნოკაუტებს და ჰგონიათ, რომ სტრაიკინგით ვიგებ. ამიტომ, წინასწარ გეგმებს არასდროს ვაწყობ, გავდივარ, ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო, მთავარია ვიყო ის, ვინც ვარ - რომან დოლიძე." 

...მარვინ ვეტორიზე: "მე და მარვინი ერთად მაშინ ვვარჯიშობდით, როცა გიგა ჭიკაძესთან ჩავედი. მაგრამ, არ მიყვარს ასეთი ამბების გახსენება და ხმამაღალი ლაპარაკი. მან თქვა რამე ვარჯიშების შესახებ?! თუ ფიქრობს, რომ მისთვის ჩემთან ერთად დარბაზში გატარებული დრო კარგი იყო, დაე ეგრე იფიქროს. ისიც თქვა, რომ მისთვის ეს ჩხუბი პიროვნულად მნიშვნელოვანია?! მერამდენედ გავიგე მსგავსი რამ და მარვინის არ მესმის. ჩვენ პროფესიონალი ათლეტები ვართ, მე საუკეთესოებთან ბრძოლა მსურს. მე მას ვიცნობ, დიახ, მაგრამ, ამასთანავე, ამ სპორტში ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ და მაშინ, არავისთან უნდა ვიჩხუბო?! ამიტომ ვერ ვხვდები, რატომ საუბრობს ასე. ყოველ ჯერზე, როცა ვეტორის შესახებ მეკითხებიან, მის მიმართ პატივისცემას გამოვხატავ, როგორც მებრძოლის, ისე პიროვნებისადმი, მაგრამ მასთან ძმური ურთიერთობა არასდროს მქონია. რას ნიშნავს, რომანი ბრძოლას დათანხმდა? თვითონ რა, არ დათანხმდა? შეეძლო უარი ეთქვა, მეც შემეძლო უარის თქმა, მაგრამ მატჩებზე უარის თქმით შენს კარიერაში არაფერი მოხდება, საერთოდ არაფერი. ამიტომ, ბრძოლაზე უარს არასდროს ვამბობ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სპორტსმენს შემომთავაზებენ.

(მარჯვნიდან) სერგეი სპივაკი, რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე

როგორც მებრძოლი, მარვინს ვაფასებ, ყოველ მხრივ განვითარებული სპორტსმენია, კარგი გამძლეობა და კარდიო აქვს. მისი დამარცხების შემთხვევაში ტიტულზე ბრძოლას მოვითხოვ, რადგან ჩემ წინ მყოფმა ყველა ათლეტმა ქამარზე უკვე იჩხუბა და ვფიქრობ, ახალი სისხლია საჭირო. მესმის, რომ დრიკუს დუ პლესისიც კონტენდერია, შეიძლება ხამზატ ჩიმაევიც შემოგვიერთდეს, მაგრამ მათთან შედარებით ის უპირატესობა მექნება, რომ ვეტორი გაცილებით სახელოვანი მებრძოლია და მასთან მოგება სხვაზე წინ დამაყენებს."

...უკრაინაში სტუმრობაზე: "ეს ქვეყანა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩემი კარიერის დასაწყისში კონტაქტური სპორტის სახეობებში უკრაინას უკავშირდება, იქ განათლების მისაღებად ჩავედი და შემდეგ ვარჯიში დავიწყე, სწორედ უკრაინიდან მოვხვდი UFC-ში. ახლა იქ მეგობრების გამო ჩავედი, რთული სიტუაციაა, მაგრამ იქ ჩასვლაში ხელს ვერაფერი შემიშლის. მარვინთან ბრძოლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდები, რადგან იქ ბიზნესი მაქვს, დრო ამ საქმესაც უნდა დავუთმო." 

...ქართველ მებრძოლებზე: "ახლა ჩვენი დროა და ამ დროს სწორად ვიყენებთ. იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენი თაობა ძალიან რთულ პირობებში გაიზარდა, სასულიერო სკოლაში ჩემმა მშობლებმა იმიტომ შემიყვანეს, რომ საშუალო სკოლებში სწავლა შეუძლებელი გახლდათ. არც დენი იყო, არც წყალი, ხშირად არც საჭმელი, ამიტომ რთულმა ცხოვრებამ ძლიერებად ჩამოგვაყალიბა." 

იტალიელისა და ქართველის დაპირისპირება ლონდონში გასამართი UFC 286 ღონისძიების მთავარ ქარდს გახსნის. მატჩი თბილისის დროით, 19 მარტს, 01:00 საათზე დაიწყება. რომან დოლიძე მარვინ ვეტორის დამარცხების შემთხვევაში UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს და ტიტულზე ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. საღამოს მთავარი ბრძოლა ქვესაშუალო წონის ქამრისთვის გაიმართება: კამარუ უსმანი (20-2) ტიტულის დაბრუნებას ლეონ ედვარდსთან (20-3) რემატჩში (რეალურად, სპორტსმენებს შორის გამართული მესამე მატჩი იქნება) ეცდება - ქამარზე ჩატარებულ პირველ ჩხუბში იამაიკელმა ნიგერიელი მეხუთე რაუნდში დაანოკაუტა.

კომენტარები

ბოლო ამბები