- 📅 25 მარტი | 🏟 ბათუმის არენა | ⌚ 18:00 | ⚽ საქართველო V მონღოლეთი
- 📅 28 მარტი | 🏟 ბათუმის არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ნორვეგია
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებულ მოთამაშეთა სია გამოაცხადა.
ნაკრები 25 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას მონღოლეთთან ჩაატარებს, 28-ში კი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ნორვეგიასთან გამართავს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.
ეროვნულ გუნდს მოახლოებულ მატჩებში ერთი დებიუტანტი ეყოლება - ნაკრებში პირველად მოხვდა მოსკოვის დინამოს ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე.
სანიოლის გუნდს დააკლდება ერთ-ერთი ლიდერი, გრაცის შტურმის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა. შემადგენლობაში არ გახლავთ არც კრემონეზეს მცველი ლუკა ლოჩოშვილი, რაც მოულოდნელია, რადგან სერია A-ში მოთამაშე მცველმა ტრავმა მოიშუშა, თუმცა სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა.
სანიოლმა ნაკრებში ისევ არ უხმო ვაკო ყაზაიშვილს, რაც მოსალოდნელიც იყო. საქართველოს ნაკრებში ეროვნული ლიგიდან მხოლოდ დინამო თბილისის ორ ფეხბურთელი იქნება - ჯიმი ტაბიძე და ანზორ მექვაბიშვილი. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიგიდან სანიოლს ნაკრებში აქამდე ყოველთვის უფრო მეტი მოთამაშე ჰყავდა ხოლმე. ასევე, ფრანგის მწვრთნელობისას პირველად მოხდა, რომ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში დინამო ბათუმის არცერთი ფეხბურთელი არ არის.
მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი.
მცველები: გურამ კაშია, საბა კვერკველია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, ჯიმი ტაბიძე, საბა საზონოვი, ლაშა დვალი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი.
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ლუკა გაგნიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ბერიძე.
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, დავით ვოლკოვი.
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა მარტის მატჩებისთვის (25-ში სტუმრად ესპანეთთან, 28-ში სტუმრად საქართველოსთან) გუნდში გამოძახებულ მოთამაშეთა 26-კაციანი სია მანამდე გამოაცხადა.

საქართველოს და ნორვეგიის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში გამოდიან, სადაც მათთან ერთად ასევე თამაშობენ ესპანეთის, შოტლანდიისა და კვიპროსის ეროვნული გუნდები.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან ისტორიაში 3-ჯერ აქვს ნათამაშები და ყველა მატჩი მეტოქემ მოიგო: 1996 წელს ამხანაგურ შეხვედრაში (1:0), 1999 წელს კი ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე (4:1 და 1:0).
კომენტარები