Thumbnail

ჭიდაობა | დიეგო ჩხიკვაძემ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფალავანმა ფინალში თურქ მეტოქეს 2:1 სძლია
  • გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მე-2 ადგილი დაიკავა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.) ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

ქართველმა ფალავანმა ტიტულის შენარჩუნება რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურნირზე მოახერხა, სადაც ფინალში თურქ მუსტაფა საფა ილდირიმს გადაეყარა და 2:1 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ დიეგომ კვალიფიკაციაში ისრაელის ნაკრების წევრ შონ ნადორგინს 7:0 სძლია და პრობლემები არც შემდგომში შექმნია: მეოთხედფინალში უკრაინელი მაკსიმ ლიუ 9:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ვადაზე ადრე საქმე სომეხ აშოტ ხაჩატრიანს მოუთავა – 11:0.

🥇🤼 დიეგო ჩხიკვაძის ფინალური შეხვედრა მუსტაფა ილდირიმის წინააღმდეგ

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Wednesday, March 15, 2023


დღესვე ბრინჯაოს მედლების მოპოვება შესძლეს გიორგი ჩხიკვაძემა (72 კგ.) და საბა მამალაძემ (82 კგ.). რეპეშაჟის გადამწყვეტ რაუნდში პირველმა რუმინელ იგორ ანდრეი ბოტეზს სძლია (5:0), მეორემ კი – სერბ ბრანკო კოვაჩევიჩს (5:1). ბრინჯაოსთვის იბრძოდა დიმიტრი ხაჩიძეც (60 კგ.), თუმცა, თურქ მერტ ილბარსთან 0:10 წააგო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრების წევრებმა 2 ვერცხლის მედლის მოპოვება შესძლეს. კვარცხლბეკზე გიორგი შოთაძე (63 კგ.) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ.) ავიდნენ.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდე ბერძენ-რომაელთა ევროპირველობაზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში 125 ქულა მოაგროვა და თურქეთისა (127) და უკრაინის (126) შემდეგ, მე-3 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები