Thumbnail

ნეაპოლში ზეიმია - ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა! ლუჩანო სპალეტის გუნდმა, რომელმაც ევროპის 8 საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრისკენ ნაბიჯი ჯერ კიდევ ფრანკფურტში გამართული პირველ 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში გადადგა, აინტრახტს "მარადონაზე" შანსი არ მისცა და სამი გოლი გაუტანა, ორი მატჩის ჯამში კი 5:0 მოუგო.

თამაშის წინ ნეაპოლის ქუჩები ქაოსმა მოიცვა

თამაშამდე კი აინტრახტის ფანებმა, რომლებსაც იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნით, "მარადონაზე" დასასწრები ბილეთები არ მიყიდეს, ნეაპოლში ნამდვილი ქაოსი მოაწყვეს. ფრანკფურტელი ულტრასები, რომლებსაც ნაპოლის მოძულე ატალანტას გულშემატკივრებიც “დაეხმარნენ”, ქალაქის ცენტრალური უბნების ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში არბევდნენ მაღაზიებს, წვავდნენ ავტომობილებს (მათ შორის პოლიციის), ისროდნენ მაშხალებს და უპირსიპირდებოდნენ პოლიციელებს, რომლებიც დაშოშმინებას ამაოდ ცდილობდნენ.

'მარადონას' ტრიბუნებზე ქართული დროშები ამჯერადაც მრავლად იყო 

რაც შეეხება უშუალოდ გადავსებულ “მარადონაზე” გამართულ დაპირისპირებას, თამაში მაღალ ტემპში, ხისტი ორთაბრძოლებით დაიწყო. მიუხედავად ორბურთიანი უპირატესობისა, ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩვეულ, შემტევ სტილს მაინც არ უღალატა და პირველივე წუთებიდან მოედანზე სანახაობრივი ფეხბურთი გაჩაღდა.

მასპინძელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე თავიდანვე ძალიან აქტიური იყო ხვიჩა კვარაცხელია. მე-12 წუთზე მას კარში სახიფათო დარტყმა დაუბლოკეს. აქედან 6 წუთში, მოედნის ცენტრიდან დაწყებული კონტრშეტევის შემდეგ, ხვიჩამ აინტრახტის საჯარიმომდე ჩაირბინა, მცველებსაც გასცდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მეკარეს ვეღარ აჯობა.

ხვიჩას ტრაპისთვის გატანის შანსი სამჯერ ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენა

ხვიჩა კვარაცხელიას და კევინ ტრაპის მეორე დუელი 42-ე წუთზე შედგა, მაგრამ 22 წლის ქართველმა გარემარბმა გერმანელ მეკარეს ვერც ამ ეპიზოდში აჯობა - მისი დარტყმის შემდეგ, ტრაპმა ბურთს ფეხი დაუხვედრა და კუთხურზე მოიგერია.

ტაიმი მაინც ნაპოლიმ მოიგო. ზედ შესვენების წინ მასპინძელთა იერიშს შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მატეო პოლიტანოს ჩაწოდება და ვიქტორ ოსიმენის ზუსტი თავური მოყვა - 1:0. ამ გოლით ნიგერიელმა დაპირისპირებაში ინტრიგა პრაქტიკულად მოკლა. 

ნაპოლის ნიგერიელმა ბომბარდირმა  აინტრახტს საპასუხო მატჩშიც გაუტანა, თანაც ორჯერ 

მეორე ტაიმში ოსიმენმა დუბლი შეასრულა. იერიში ხვიჩამ დაიწყო და ჯოვანი დი ლორენცომ გააგრძელა, რომლის გადაცემის შემდეგ ნიგერიელს ვარდნაში ხელი ვერავინ შეუშალა - 2:0. ოსიმენი იმდენად მონდომებული იყო, რომ გოლის გატანის მომენტში ხელიც იტკინა. 

აინტრახტის მეკარემ კვარას მესამედაც აუღო. მე-60 წუთისთვის ხვიჩამ დრიბლინგით საჯარიმოში ჩვეულად "შეისეირნა" და ბურთი შორეულ კუთხეში გაუშვა, მაგრამ კევინ ტრაპმა რეაგირება შეძლო.

64-ე წუთზე აინტრახტის კარში მესამე გოლი 11-მეტრიანიდან გავიდა, რომელიც სტუმართა საჯარიმოში კვარას ბრწყინვალე პასს მოყვა. პენალტის შესრულება დაზარალებულმა ჟელინსკიმ ითავა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.   

კვარამ ჟელინსკის წარმატება მიულოცა

თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას დასვენება გადაწყვიტა და ის ელიფ ელმასით შეცვალა. ქართველი შემტევის სტატისტიკა ამ შეხვედრაში კარისკენ შესრულებული 4 დარტყმა (3 კარის ჩარჩოში), 2 წარმატებული დრიბლინგი, 1 პოტენციურად საგოლე პასი, 21 გადაცემა 71%-იანი სიზუსტით და თითო მოგებული ორთაბრძოლა და ჩაჭრა იყო.

ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4–ფინალში მეტოქის ვინაობას 17 მარტს შეიტყობს, როდესაც ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ტურნირის დასკვნითი ეტაპების წილისყრა გაიმართება. 1/4-ფინალში გასულ რვა გუნდს შორის სამი იტალიური კლუბია, ტურნირის რეგლამენტის თანახმად კი, ამ ეტაპზე ერთი ქვეყნის წარმომადგენელი კლუბების დაპირისპირება უკვე შესაძლებელია. 

საინტერესო ფაქტები

🟠 ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდება კახა კალაძის შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს. 

🟠 17-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა სამმა იტალიურმა კლუბმა მოახერხა. ნაპოლიმდე ეს მილანმა და ინტერმა შეძლეს.

🟠 ნაპოლი მეშვიდე იტალიური კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში ითამაშებს. მანამდე ეს მილანმა, ინტერმა, იუვენტუსმა, რომამ, ლაციომ და ატალანტამ მოახერხეს.

🟠 ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც ნაპოლიში მესამე სეზონს ატარებს, გუნდის მაისურით ჩატარებულ 90 მატჩში 51 გოლი გაიტანა.

🟠 ნიგერიელი ნაპოლის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გატანა ჩემპიონთა ლიგის/ევროპის ჩემპიონთა თასის პლეი ოფის რაუნდის ორივე მატჩში მოახერხა.

🟠 ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 25. 

🟠 ამ ტურნირზე ერთ კამპანიაში იტალიური კლუბებიდან უფრო მეტი გოლი მხოლოდ სამს გაუტანია - იუვენტუსს (30 გოლი 2002-03 წლებში), ინტერს (26 გოლი 2002-03 წლებში) და ლაციოს (26 გოლი 1999-00 წლებში).

🟠 ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში პირველად მოხდა, რომ 1/4-ფინალში გუნდის გაყვანა ოთხმა იტალიელმა სპეციალისტმა შეძლო - კარლო ანჩელოტიმ (რეალი), სიმონე ინძაგიმ (ინტერი), სტეფანო პიოლიმ (მილანი) და ლუჩანო სპალეტიმ (ნაპოლი).

ნაპოლი 3:0 აინტრახტი

გოლები: 1:0, 2:0 ოსიმენი (45+2', 53'), 3:0 ჟელინსკი (63')

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი (66' ჟეზუსი), მირიუ როი - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი (74' ნდომბელე) - პოლიტანო (67' ლოსანო), ოსიმენი (81' სიმეონე), კვარაცხელია (74' ელმასი). 

აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ბუტა, ტუტა, ნდიკა, ლენცი (67' მაქსი) - როდე (74' იაკიჩი), სოუ - კნაუფი (62' ალიდუ), გიოტცე, კამადა - ბორე. 

კომენტარები

ბოლო ამბები