Thumbnail

ნაპოლიმ პირადი ისტორია დაწერა, რადგან ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად გავიდა. დიახ, "აძურის" ეს არც მაშინ გაუკეთებია, როცა ოქროს ხანა ედგა, დიეგო მარადონას პერიოდში. მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ, ჯოვანი დი ლორენცომ და ვიქტორ ოსიმენმა ისაუბრეს. 

ლუჩანო სპალეტი (ნაპოლის მწვრთნელი): "ეს ისტორიული შედეგია კლუბისთვის, გუნდისთვის და ჩვენი ტიფოზებისთვის. ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, რაც დავგეგმეთ, არაფერი დავთმეთ. აინტრახტი ცდილობდა მოედნის ცენტრში სიმჭიდროვე მოეპოვებინა და მათთან თამაში ადვილი არ იყო. მე-2 ტაიმში ოსიმენის გოლის შემდეგ უკეთ ვითამაშეთ, მეტი გამოსავალი ვიპოვეთ და თამაშს ვაკონტროლებდით.  მეორე ტაიმი უკეთესი იყო, რადგან კვარა და პოლიტანო მიხვდნენ, რომ უფრო ცენტრისკენაც უნდა შეწეულიყვნენ, რითაც ცენტრალურ ნახევარმცველებსაც ლობოტკასთან უფრო ახლოს თამაშის შესაძლებლობა მიეცათ.

თუ ისტორიაში არასდროს ვიყავით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასული და ახლა ეს შევძელით, ნიშნავს, რომ დიდებული და დამსახურებული შედეგია. ახლა ამ მომენტით ვტკბებით, შემდეგ კი ამავე მენტალიტეტით უნდა გავაგრძელოთ. ვისაც ფეხბურთი ესმის, იტალიურ გუნდებთან შეხვედრა არასდროს სურს.

გვარდიოლას სიტყვებით, რომ ევროპაში საუკეთესო გუნდი ვართ, ნამდვილად არ ვამაყობ და არ მომწონს სხვებზე ზეწოლის მოხდენის ეს ხრიკები. ყველამ იცის, კომპლიმენტები იმისთვის გამოიყენება, რომ ვიღაც ცაში ავიდეს და შემდეგ ძირს დაენარცხოს. ნაპოლი წინ ვერ დაუდგება ისეთ კლუბს, როგორიც მანჩესტერ სიტია, რომელიც შემადგენლობის დასაკომპლექტებლად 900 მილიონს ხარჯავს, ჩვენ კი 9 მილიონს. მსგავსი კომპლიმენტები ადრეც მსმენია, რაც გულწრფელად გითხრათ, არ მომწონს.

ნამდვილად არ მაქვს პრიორიტეტული არჩევანი მეოთხედფინალის მეტოქესთან დაკავშირებით, წილისყრის შედეგებს მოვერგებით. პირიქით, მინდა ვუთხრა ჩვენს ტიფოზებს, რომ გავიდნენ ქუჩაში, იმღერონ და სიხარულით იზეიმონ ეს კვალიფიკაცია, პროვოკაციებისა და ამ მშვენიერი შედეგის ჩაშხამების გარეშე".

ოსიმენი და კვარა

ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლის კაპიტანი): "ბედნიერები ვართ, რომ ნაპოლის ისტორიის გვერდი დავწერეთ. ვტკბებით ამ შედეგით, მაგრამ უკვე წინსვლაზე ვფიქრობთ. ჩვენმა განვლილმა გზამ აჩვენა, რომ ევროპის საუკეთესო 8 გუნდში ყოფნას ვიმსახურებთ, ეს დიდი კმაყოფილებაა და ვამაყობთ. დარჩენილი ყველა გუნდი უმაღლესი დონისაა, ვეცდებით, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ჩვენი შესაძლებლობები ვაჩვენოთ. თუ ამ ეტაპზე ვართ, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს ხარისხი ნებისმიერთან სათამაშოდ. მაქსიმუმს გავიღებთ და ვნახოთ, სადამდე მივალთ".

ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლის ფეხბურთელი): "ფანტასტიკური საღამო იყო, რომელმაც ნაპოლის ისტორია დაწერა. შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ და ეს დამსახურებული გამარჯვებაა. მე გავიტანე, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, რომელიც მოედანზე მაქსიმუმის მისაღებად და საბოლოო მიზნისთვის გადის. ბოლომდე ასე უნდა გავაგრძელოთ, ჩვენს ძალებში დარწმუნებული ვართ. გვაქვს ის, რაც საჭიროა მწვერვალზე მისასვლელად, შეუძლებელი არაფერია!"

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩს სერია A-ს 27-ე ტურში ტორინოსთან გასვლაზე 19 მარტს ჩაატარებს. ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

ნაპოლის სავარაუდო მეტოქეები მეოთხედფინალში არიან: ბაიერნი, ბენფიკა, მანჩესტერ სიტი, ინტერი, მილანი, ჩელსი და რეალი.

კომენტარები

ბოლო ამბები