- ნაპოლის გულშემატკივარმა სოციალურ ქსელში ჩირო ფერარა გააკრიტიკა
- ვეტერანმა ფეხბურთელმა მას პასუხი გასცა და ახსნა-განმარტება გააკეთა
ხვიჩა კვარაცხელიამ ბერგამოს ატალანტას ის საოცარი გოლი 11 მარტს გაუტანა, მას მერე ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდა, მაგრამ იტალიაში დღემდე კვარას იმ გოლზე ლაპარაკობენ.
სწორედ იმ გოლის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ლეგენდარული იტალიელი მცველი ჩირო ფერარა და ნაპოლის ერთ-ერთი გულშემატკივარი. ფერარა ტელეკომპანია DAZN-ზე ანალიტიკოსად მუშაობს, სადაც მან კვარას გოლში ხაზი უფრო მეტად ატალანტას მცველის, რაფაელ ტოლოის შეცდომას გაუსვა, ვიდრე ქართველის დამსახურებას. სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მოტივი.
"გამარჯობა ჩირო. მტკივნეულია, როცა შენგან ნაპოლიზე ასეთი რამ მესმის - ყოველთვის თავშეკავებული ხარ, კვარას გოლზეც კი არ გამოხატე აღტაცება, მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში შენს გარდა, ყველა კომპლიმენტებს ამბობდა. შენ ერთადერთი იყავი, ვინც თქვა, რომ ის გოლი რაფაელ ტოლოის ბრალი იყო და ხაზი არ გაუსვი ნაპოლის ფეხბურთელის დამსახურებას", - ასეთი კომენტარი დაუწერა ფერარას სოციალურ ქსელში გულშემატკივარმა.
რაც უფრო საინტერესოა, ვეტერანმა ფეხბურთელმა მას პასუხი გასცა: "შეკითხვა დამისვეს მცველის თამაშის შესახებ. შენს პოლემიკურ დაკვირვებას აზრი არ აქვს. უნდა მოისმინოთ მთელი შეკითხვა, სრული პასუხი და იქნებ, აზრი შეიცვალოთ."

ამ ამბავში მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩირო ფერარა ნეაპოლშია დაბადებული და იქ 1984-1994 წლებში თამაშობდა, დიეგო მარადონას თანაგუნდელი იყო. ფერარამ ნაპოლისთან ერთად 2-ჯერ სკუდეტო, თითოჯერ კი იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და უეფას თასი მოიგო. ფერარამ 1994-2005 წლებში ასევე ითამაშა ტურინის იუვენტუსში. ამგვარად, ის იმ იშვიათთაგანია, რომელიც ნაპოლის ლეგენდაცაა და იუვენტუსისაც.
კომენტარები