Thumbnail
  • სან ანტონიო სპურსი 128:137 დალას მავერიკსი
  • სანდრო მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო
  • გრეგ პოპოვიჩმა ის ძირითადში კოლინზის ნაცვლად ათამაშა

პირველი დასკვნა ამ მატჩის შემდეგ: დალასს ლუკა დონჩიჩის და კაირი ირვინგის გარეშე მოგებაც შესძლებია. მეორე (და ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი): რაც უფრო მეტად ენდობიან სანდრო მამუკელაშვილს, მით უფრო უკეთ ითამაშებს.

ზედიზედ სამი მარცხის შემდედ დალასს ყველა აკრიტიკებდა. პრინციპში, ტექსასელებს ბევრად უკეთ არც დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერად ქცეულ სან ანტონიოსთან უთამაშიათ - სპურსთან, რომელსაც ამ სეზონში მხოლოდ 18 მოგება და 51 მარცხი აქვს, დალასს ოვერტაიმი დასჭირდა, იქ კი მატჩის ბედი კრისტიან ვუდმა (28 ქულა, 13 მოხსნა) გადაწყვიტა.

რეალურად, დალასს ძირითად დროშივე უნდა დაემთავრებინა საქმე, რადგან საფინალო სირენამდე 1,8 წამით ადრე მაქსი კლებერმა შეცდომა დაუშვა და სპურსმა კელდონ ჯონსონის (27 ქულა, 11/25) შესანიშნავი Alley-Oop-ით ანგარიში გაათანაბრა. ოვერტაიმში დალასი უკვე მოწოდების სიმაღლეზე იდგა, რეჯი ბალოკმა (20 ქულა, 6/10, 13 მოხსნა) იქ 2 სამქულიანი ჩააგდო.

რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა: მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და თანაც, უმეტესად ცენტრის პოზიციაზე, რადგან ტრავმირებული ზაკ კოლინზი შეცვალა. მან 33 წუთი ითამაშა და ამ დროში 10 ქულა დააგროვა. მამუმ 13 მცდელობიდან 4 ჩააგდო, აქედან 2 სამქულიანი (7 მცდელობიდან). მას 7 მოხსნაც ჰქონდა (4 დაცვაში, 3 შეტევაში) და როგორც ხედავთ, ორმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა. მამუკელაშვილს დაფარება ან ჩაჭრა არ ჰქონია, არც ბურთი დაუკარგავს და 2 ასისტი შეასრულა.

დალასს 70 მატჩის შემდეგ თანაბარი ბალანსი აქვს: 35 მოგება, 35 მარცხი. ტექსასელები მე-7 ადგილზე არიან ჯერ არაფერი აქვთ გარანტირებული. მამუკელაშვილის სან ანტონიო მომდევნო მატჩს 18 მარტს, შაბათს გამთენიისას, მეორე ადგილზე მყოფ მემფისთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები