Thumbnail

სუმო | ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა და აქტივში ერთი მოგება რჩება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა ექს-ოძეკების ჯახში იაპონელ ასანოიამასთან წააგო
  • ტოჩინოშინის ბალანსი 1 მოგება და 4 მარცხია და ის რთული მისიის წინაშე იმყოფება

35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე მე-4 ორთაბრძოლა ჩაატარა და კვლავაც ერთადერთი მოგების ამარა რჩება.

რანგით მე-2 ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე ტოჩინოშინი ამჯერად ასანოიამას (აღმოსავლეთის 1-ლი ნომერი) გაეჯიბრა და იორიკირით წააგო. მეტოქემ სასტარტო მიძალებისას უპირატესობა მიიღო და ლევანი დოჰიოდან იოლად გაიყვანა. საინტერესოა, რომ ეს ყოფილი ოძეკების ჯახი იყო და ახლა, 29 წლის იაპონელი ვეტერანი ქართველ სეკიტორთან ურთიერთშეხვედრებში კიდევ უფრო დაწინაურდა – 6:2.

ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოზე მე-6 შეხვედრას 17 მარტს ჩაატარებს, მისი მეტოქე კი ჯურიოს აღმოსავლეთის მე-2 ნომერი ჩიიონოკუნი იქნება. 32 წლის იაპონელს ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში გამოსვლის ასევე დიდი გამოცდილება აქვს და თავის დროზე 1-ლი მაეგაშირაც ყოფილა. ტოჩინოშინს ჩიიონოკუნისთან დადებითი ბალანსი აქვს – 9:4.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ქართველი სუმოისტი ჯურიოში დასავლეთის მე-2 ნომრის სტატუსით ირჯება და 9 მოგების შემთხვევაში, მაკუუჩი დივიზიონს გარანტირებულად დაუბრუნდება, თუმცა, შესაძლოა, მიზნის მისაღწევად მინიმალური კაჩი-კოშიც (დადებითი ბალანსი, 8-7) ეყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები