Thumbnail
  • მაიკლ ბისპინმა მარვინ ვეტორისა და რომან დოლიძის ჩხუბზე ისაუბრა
  • ინგლისელმა პროგნოზი გააკეთა, რომელიც არც ისე მკაფიოდ ჟღერს

UFC-ის საშუალო წონის ექსჩემპიონმა მაიკლ ბისპინმა, რომელიც ამჟამად MMA კომენტატორი, ანალიტიკოსი და ღონისძიებების წამყვანია, საკუთარ პოდკასტში მაიკ ჰარინგტონთან ერთად UFC 286-ზე ისაუბრა და რომან დოლიძის (12-1) ჩხუბზე ორაზროვანი პროგნოზიც გააკეთა. 

ქართველი მებრძოლი, რომელიც ორგანიზაციის საშუალო წონის რეიტინგში მე-9 პოზიციაზეა, მე-4 ადგილზე მყოფი მარვინ ვეტორის (18-6) დამარცხების შემთხვევაში ტიტულზე ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდება. 

"რომან დოლიძეს ძალიან არაორთოდოქსული სტილი აქვს, დანებების კარგი ტექნიკა. უკანა ფეხიდან მეტოქეს ძლიერ ლოუქიქებს ურტყამს და დგომში მის მკლავებს ნოკაუტის ძალა გააჩნიათ. ცოტა უცნაურია, რომ ბუქმეიქერების აზრით ვეტორისთან ბრძოლაში ასეთი ანდერდოგი გახლავთ. კარიერაში ბოლოს და ერთადერთხელ 2 წლის წინ, ტერვის გილზთან დამარცხდა. მას შემდეგ ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, ზედიზედ სამში ნოკაუტით გაიმარჯვა. ტრაბახი არ მიყვარს, მაგრამ ოქტაგონზე თავად რომანმა მითხრა, რომ მეტოქეების დაფინიშება ჩემი კრიტიკის შემდეგ დაიწყო და ისე ამბობდა, მეგონა ბონუსიდან წილსაც გადამიხდიდა. ეჭვგარეშეა, ლონდონის საღამოზე მეინ ქარდს უმაგრესი ბრძოლა გახსნის, მაგრამ ვინ მოიგებს? შენ რომან დოლიძეს ირჩევ ხომ, ჰარინგტონ? მაშინ მე მარვინს ავირჩევ და როცა ვეტორის შევხვდები, ვეტყვი, როგორ ემეგობრები, ზურგს უკან კი მისი წაგებით მდიდრდები," - თქვა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა. 

იტალიელისა და ქართველის დაპირისპირება ლონდონში გასამართი UFC 286 ღონისძიების მთავარ ქარდს გახსნის. მატჩი თბილისის დროით, 19 მარტს, 01:00 საათზე დაიწყება. რომან დოლიძე მარვინ ვეტორის დამარცხების შემთხვევაში UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს და ტიტულზე ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. საღამოს მთავარი ბრძოლა ქვესაშუალო წონის ქამრისთვის გაიმართება: კამარუ უსმანი (20-2) ტიტულის დაბრუნებას ლეონ ედვარდსთან (20-3) რემატჩში (რეალურად, სპორტსმენებს შორის გამართული მესამე მატჩი იქნება) ეცდება - ქამარზე ჩატარებულ პირველ ჩხუბში იამაიკელმა ნიგერიელი მეხუთე რაუნდში დაანოკაუტა.

კომენტარები

ბოლო ამბები