- წინასწარი ინფორმაციით, საქართველო წილისყრისას მე-7 კალათაში იქნება განთესილი
- არსებობს შანსი, ქართველ კალათბურთელებს თამაში სრულად ევროპულ ჯგუფში მოუწიოთ
- თუკი იაპონიასთან მოვხვდით, ავტომატურად მეტოქედ ლუკა დონჩიჩის სლოვენიაც გვერგება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს, წილისყრის წინ, ბოლოსწინა მე-7 კალათაში იქნება განთესილი.
ეს ინფორმაცია ფიბას, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა, არსებული რეიტინგიდან გამომდინარე, სწორედ ასეთ სურათს ვიღებთ (აღნიშნული ტურნირის ვიკიპედიის გვერდზეც დადასტურდა). მე-7 კალათაში საქართველოსთან ერთად იორდანია, ანგოლა და კოტ დ’ივუარი იქნებიან, თუმცა, კიდევ არაერთი ნაკრები ვიცით, რომელთაც ქართველი კალათბურთელები ჯგუფში ვერ შეხვდებიან.
საქმე ის გახლავთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე A, C, E და G ჯგუფები 1-ლი, მე-4, მე-5 და მე-8 კალათებიდან დაკომპლექტდება, B, D, F და H ჯგუფები კი მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 კალათებიდან შეიკვრება. ამდენად, საქართველოს ნაკრების 3 მეტოქე კონკრეტული 12 გუნდიდან გამოვლინდება. აი, კალათებიც.
A, C, E და G ჯგუფები
1-ლი კალათა: ფილიპინები (მე-40 რეიტინგში), ესპანეთი (1), აშშ (2), ავსტრალია (3).
მე-4 კალათა: ბრაზილია (13), კანადა (15), ვენესუელა (17), მონტენეგრო (18).
მე-5 კალათა: პუერტო რიკო (20), ირანი (22), დომინიკის რესპუბლიკა (23), ფინეთი (24).
მე-8 კალათა: ლიბანი (43), ეგვიპტე (55), სამხრეთ სუდანი (62), კაპო ვერდე (64).
B, D, F და H ჯგუფები
მე-2 კალათა: საფრანგეთი (5), სერბეთი (6), სლოვენია (7), ლიეტუვა (8).
მე-3 კალათა: იაპონია (36), საბერძნეთი (9), იტალია (10), გერმანია (11).
მე-6 კალათა: ახალი ზელანდია (26), ჩინეთი (27), ლატვია (29), მექსიკა (31).
მე-7 კალათა: საქართველო (32), იორდანია (33), ანგოლა (41), კოტ დ’ივუარი (42).

შეამჩნევდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის უმთავრესი მასპინძელი ფილიპინები (ყველაზე მეტი მატჩი იქ გაიმართება) პირველ კალათაშია განთესილი, კიდევ ერთი მასპინძელი იაპონია – მესამეში და შესაძლოა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეც იყოს, მე-3 მასპინძელ ინდონეზიას კი იმდენად სუსტი ნაკრები ჰყავს, რომ კვალიფიკაციაში თამაში მოუწია და ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა.
საინტერესოა, რომ თუკი ზედა კალათებში მხოლოდ 3 (!) ევროპული ნაკრებია, ქვევით ევროპიდან ერთბაშად 9 ნაკრები მოხვდა, ასე რომ, არსებობს შანსი, ქართველ კალათბურთელებს სრულიად ევროპულ ჯგუფში (მაგალითად, საფრანგეთი, იტალია, ლატვია, საქართველო) მოუწიოთ თამაში, რაც კარგი ვარიანტი ნამდვილად არ იქნება. ასევე ცხადი ხდება, რომ საქართველოს ვერ შეხვდება აშშ-ს ნაკრები, რაზეც ჩვენთან ბევრი ოცნებობდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო, ლატვია, კაბო ვერდე და სამხრეთ სუდანი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ, ფინეთსა და მონტენეგროს ეს პატივი მეორედ ერგოთ, რეკორდსმენები კი აშშ (19), ბრაზილია (19), კანადა (15), პუერტო რიკო (15), ავსტრალია (13) და ესპანეთი (13) არიან.
ამავდროულად, მომავალ მსოფლიოს პირველობაზე რამდენიმე ძლიერი ნაკრები ვერ ითამაშებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არგენტინაზე (ფიბას რეიტინგში მე-4) უნდა ვთქვათ, რომელსაც ოლიმპიური ოქრო (2004) და ბრინჯაო (2008) აქვს მოპოვებული, მსოფლიოს პირველობებზე ოქრო (1950) და 2-ჯერ ვერცხლის მედლები (2002, 2019) აუღია, მსოფლიოს ჩემპიონატს კი 1982 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს.

მოულოდნელი იყო ტურნირის მიღმა ჩეხეთის (მე-12), პოლონეთის (მე-14), თურქეთის (მე-16 რეიტინგში), ხორვატიისა (25-ე) და ისრაელის (34-ე) დარჩენა, აფრიკიდან კი, მსოფლიოს პირველობას აშკარად დააკლდება ნიგერიის ნაკრები, რომელსაც NBA-ში ათამდე კალათბურთელი ჰყავს, თუმცა, საკვალიფიკაციო მატჩებში მათგან ხეირი ვერ ნახა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება და მას საინტერესო ფორმატი აქვს: 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ორ-ორი საუკეთესო მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გადავა, სადაც ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდება, იქიდან გასული ორ-ორი საუკეთესო კი თასისთვის ბრძოლას უკვე პლეი-ოფში გააგრძელებს.
ტურნირზე მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებიც გათამაშდება, ამდენად, საქართველოს ნაკრები თამაშს იმ შემთხვევაშიც გააგრძელებს, თუკი, პირველი ჯგუფური ეტაპი ვერ დასძლია და ტურნირზე 7 მატჩს მაინც ჩაატარებს, მოგვიანებით კი, ოლიმპიადის კვალიფიკაციაში თამაშიც მოუწევს, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალები კიდევ დასაზუსტებელია.

რამდენიმე სიტყვით იმ არენებზეც, რომლებიც მომავალ ტურნირს უმასპინძლებენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მეტად დატვირთული ფილიპინები იქნება, სადაც მანილას აგლომერაციის 3 დარბაზში პირველი ეტაპის 4 და მე-2 ეტაპის 2 ჯგუფი ითამაშებს და ფინალური რაუნდიც იქ შედგება. იაპონური ოკინავა და ინდონეზიური ჯაკარტა პირველ ეტაპზე - ორ-ორ, მეორეზე კი თითო ჯგუფს მიიღებენ.
ფილიპინებში თამაშები ქუეზონ სითის Smart Araneta Coliseum (ტევადობა 15 ათასი), პასაის Mall of Asia Arena (15 ათასი) და ბულაკანის Philippine Arena მიიღებენ, რომელიც 55 ათას მაყურებელს იტევს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს სწორედ ეს გრანდიოზული არენა უმასპინძლებს, რომელიც დედაქალაქ მანილადან 30 კილომეტრში მდებარეობს. ჯაკარტას Indonesia Arena 16 500 ადამიანს იტევს, Okinawa Arena-ს ტევადობა კი 10 ათასი ადამიანია.
და სად ითამაშებს საქართველოს ნაკრები? ვარიანტი ოთხია, რადგანაც ცნობილია, რომ B ჯგუფის მატჩებს ქუეზონ სითი მიიღებს, D ჯგუფი პასაიში ჩატარდება, F - ოკინავაში, ხოლო H - ჯაკარტაში. მოკლედ, ქართველი კალათბურთელები, შესაძლოა, ფილიპინებშიც მოხვდნენ, იაპონიაშიც და ინდონეზიაშიც.
ტურნირის წილისყრა 29 აპრილს მანილაში შედგება, თუმცა, უკვე ვიცით იმ არჩევანის შესახებ, რომელიც მასპინძელმა ქვეყნებმა გააკეთეს. მოგეხსენებათ, მასპინძლებს უფლება აქვთ ჯგუფში თითო გუნდი ჯერ კიდევ წილისყრამდე დაასახელონ. შედეგად, ცნობილია, რომ აშშ-ს ნაკრები ფილიპინებში ითამაშებს, სლოვენია – იაპონიაში, ხოლო კანადა – ინდონეზიაში. ამგვარად, თუკი საქართველო ჯგუფში იაპონიასთან ერთად მოხვდა, ავტომატურად მეტოქედ ლუკა დონჩიჩის სლოვენიაც ერგება.
კომენტარები