Thumbnail

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და დინამო თბილისის ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი არაერთი ევროპული კლუბის სამიზნეა. 21 წლის ნიჭიერ ფეხბურთელს მსურველები იტალიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, შვეიცარიასა და დანიაში ჰყავს. 

ბულგარული მედია ესპანურ Relevo-ზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის ჩემპიონი ლუდოგორეცი ერთ-ერთია იმ კლუბებს შორის, რომელიც ქართველი ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება და რაზგრადელთა სკაუტები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გიორგის კიდევ დააკვირდებიან.  

ლუდოგორეცის გარდა, გიორგი მოისწრაფიშვილის დამატებით დაინტერესებულია სერია A-ს სასუოლოც. იტალიური Tuttomercatoweb-ის ცნობით, დინამო თბილისის ტალანტისთვის, რომელიც სასუოლოს თვალთახედვის არეში ცოტა ხნის წინ მოექცა, სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდება, რადგან ის ევროპის ბევრ კლუბს მოსწონს.

გიორგიმ 2023 წლის ეროვნული ლიგა შედეგიანად დაიწყო

წერენ, რომ გიორგის ასევე დააკვირდებიან საფრანგეთის ლიგა 1-ის ტულუზი, შვეიცარული ბაზელი და დანიური კოპენჰაგენი, რომლის ღირსებას ამჟამად დავით ხოჭოლავა იცავს. 

გიორგი მოისწრაფიშვილი დინამო თბილისის აღზრდილია და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, Transfermarkt კი მის საბაზრო ფასად 700 ათას ევროს ასახელებს.

ნახევარმცველს ერთი სეზონი თელავში აქვს გატარებული, 2021 წლიდან კი დინამო თბილისის ღირსებას იცავს. შარშან გიორგიმ გუნდის მაისურით ეროვნული ლიგის 30 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა, წელს კი 2 შეხვედრაში ითამაშა, ამდენივე გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ნახევარმცველს 7 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მისი სტატისტიკა 3 გოლი და 1 საგოლე პასია. 

კომენტარები

ბოლო ამბები